ახალი ამბები

1 ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური ნებართვა სავალდებულო ხდება

30 სექტემბერი, 2018 • 1970
1 ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის მძღოლებისთვის  სპეციალური ნებართვა სავალდებულო ხდება

1 ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის მძღოლებისთვის შესაბამისი ნებართვის ქონა სავალდებულო ხდება. დოკუმენტი ერთწლიანია და ძალაში 2019 წლის 1 ოქტომბრამდე იქნება.

ხვალიდან 200 ლარით დაჯარიმდება ტაქსის მძღოლი, რომელიც საქმიანობას სპეციალური ნებართვის გარეშე განაგრძობს. შემოწმება და აღნიშნული სანქციის დაკისრება საპატრულო პოლიციისა და თბილისის სატრანსპორტო სამსახურის პრეროგატივა იქნება.

ნებართვის აღება მის არმქონე მძღოლებს იუსტიციის სახლებსა და რაიონულ გამგეობებში, ასევე ვებგვდერდ taxi.tbilisi.gov.ge-ზე შეუძლიათ, თუმცა ხელმოწერა ID ბარათით უნდა აისახოს, რაც სპეციალურ ტექნიკურ მოწყობილობას საჭიროებს. მისი შეძენა იუსტიციის სახლშია შესაძლებელი და მერიის განცხადებით, 10 ლარი ღირს. რაც შეეხება ნებართვის საფასურს: ჩვეულებრივი ავტომანქანებისთვის მისი ფასი 100, ჰიბრიდულისთვის კი – 50 ლარია.

სანებართვო დოკუმენტი, რომელსაც ტაქსის მძღოლი რეგისტრაციის გავლის შემდეგ იღებს, შემდეგი ინფორმაციისგან შედგება:

  • მძღოლის ფოტოსურათი;
  • მძღოლის სახელი და გვარი;
  • ნებართვის ნომერი;
  • ნებართვის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
  • სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი;
  • სატრანსპორტო საშუალების მარკა და მოდელი;

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მიღებული ნებართვა მძღოლმა A5 ფორმატის ქაღალდზე უნდა ამობეჭდოს და სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა.

ნებართვის მიღების შემდეგ, ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება მგზავრებს მხოლოდ ნებართვაზე მითითებული მსუბუქი ავტომობილით მოემსახუროს.

ნებართვა 1-წლიანია და 2019 წელს მძღოლებს საფასურის ხელახლა გადახდა და მისი განახლება მოუწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი