რა თანხა და პროცედურებია საჭირო ტაქსის ნებართვის მისაღებად

დღეიდან ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო.  მერიაში აცხადებენ, რომ ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა. 

ერთწლიანი ნებართვის სანაცვლოდ, ტაქსის მძღოლებს მერიის შეფასებით, სიმბოლური ფასის 100 ლარის გადახდა მოუწევთ. ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში გადასახადი 50 ლარია, ხოლო ელექტრომანქანების მესაკუთრეებს ტაქსის ნებართვის აღება უფასოდ შეუძლიათ. 

„მსურველებს ნებართვის მიღება 1 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. იგი ძალაში იქნება 2019 წლის 1 ოქტომბრამდე. 1 ოქტომბრიდან საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით საპატრულო პოლიციისა ან თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ“,-აცხადებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.

კითხვაზე გამოიწვევს თუ არა ახალი რეგულაციები ტაქსის გაძვირებას, მაია ბითაძე ამბობს, რომ ტაქსის საფასურის ზრდას თბილისის მერია არ ელის, რადგან გარდა რეგისტრაციისთვის საჭირო თანხისა, მძღოლებს სხვა ტიპის გადასახადი არ უწესდებათ.

რეგისტრაციისთვის მერიამ ვებ-გვერდი www.taxi.tbilisi.gov.ge შექმნა. ამ გვერდზე მძღოლებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ. სარეგისტაციო ფორმის შევსების პროცესში ხელმოწერა ID ბარათის გამოყენებით უნდა მოხდეს. კითხვაზე როგორ შეძლებენ ტაქსის მძღოლები სახლიდან რეგისტრაციას, როცა ხელმოწერას სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა სჭირდება, მერიაში ამბობენ, რომ იუსტიციის სახლში ეს ხელსაწყო 10 ლარი ღირს.

თბილისის მერის მოადგილე განმარტავს, რომ ტაქსებს, აქვთ თუ არა ნებართვა, თბილისის მერია და საპატრულო პოლიცია შეამოწმებს.

ელექტრონული რეგისტრაციის გარდა, ტაქსის ნებართვის აღების მსურველებს შეუძლიათ თბილისის რაიონების გამგეობებსაც მიმართონ.

სანებართვო დოკუმენტი, რომელსაც ტაქსის მძღოლი რეგისტრაციის გავლის შემდეგ მიიღებს შემდეგი ინფორმაციისგან შედგება:

  • მძღოლის ფოტოსურათი;
  • მძღოლის სახელი და გვარი;
  • ნებართვის ნომერი;
  • ნებართვის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
  • სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი;
  • სატრანსპორტო საშუალების მარკა და მოდელი;

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მიღებული ნებართვა მძღოლმა A5 ფორმატის ქაღალდზე უნდა ამობეჭდოს და სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა.

ნებართვის მიღების შემდეგ, ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება მგზავრებს მხოლოდ ნებართვაზე მითითებული მსუბუქი ავტომობილით მოემსახუროს.

“მერიამ გაითვალისწინა ის, რომ ტაქსის მომსახურეობას ხშირად ახორციელებენ გარკვეულ კომპანიაში გაერთიანებული პირები. ამ პირებს შეუძლიათ დაირეგისტრირონ როგორც საკუთარი ავტომობილი, ასევე სხვა ფიზიკური პირის ავტომობილი, მათ შორის იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფი ავტომობილები. ისე რომ კომპანიის ფარგლებში მანქანის გაცვლის საკითხზე შეფერხება არ იყო”,-ამბობს მაია ბითაძე.

მერიაში ტაქსებზე დაწესებულ ახალ რეგულაციას მგზავრობის უსაფრთხოებით ხსნიან. რეგულაციების მეორე ეტაპი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება. ამ შემთხვევაში დედაქალაქის მთავრობა ტაქსის ვიზუალურ მხარის, ფერისა და მარჯვენასაჭიანი ავტოტრანსპორტის დარეგულირებას გეგმავს.

ნებართვის მისაღებად რეგისტრაცია დღეს, 1 აგვისტოს 9 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის მერიას არ აქვს ინფორმაცია რამდენმა პირმა გაიარა რეგისტრაციის პროცესი.

თბილისის მერიის ცნობით, 2018 წელს გაცემული ნებართვა ერთწლიანია და რეგისტრაციის გავლა და თანხის გადახდა მძღოლებს მომდევნო წელსაც მოუწევთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.