ახალი ამბები

“თავისუფლებისა” და “მონიტორის” ერთობლივი საგამოძიებო გადაცემა რუსთავი 2-ზე გავა

19 სექტემბერი, 2018 • 4714
“თავისუფლებისა” და “მონიტორის” ერთობლივი საგამოძიებო გადაცემა რუსთავი 2-ზე გავა

„რადიო თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივი გადაცემა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სექტემბრის ბოლოდან გავა. საგამოძიებო რეპორტაჟების სერია – „თავისუფლების მონიტორი“ ორ კვირაში ერთხელ, შაბათობით, გავა „რუსთავი 2“-ზე.

“თავისუფლების მონიტორი”

როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ნეტგაზეთს უთხრა, თანამშრომლობის ინიციატორი „რადიო თავისუფლება“ იყო. ეს ნეტგაზეთს „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსმა, ნათია ზამბახიძემ დაუდასტურა:

“ერთი მხრივ, „რადიო თავისუფლების“ ერთ-ერთი მისია და პრიორიტეტი ადგილობრივ და რეგიონულ დამოუკიდებელ პროექტებთან, ჟურნალისტურ ჯგუფებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერაა. მეორე მხრივ კი, „რადიო თავისუფლების“ ქართული სერვისისთვის  პრიორიტეტულია საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაძლიერება. სტუდია „მონიტორი “ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და სანდო რეპუტაციის მქონე გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფია და ჩვენ საგამოძიებო პროექტებზე თანამშრომლობა სწორედ ამ გუნდს შევთავაზეთ, რაზეც თანხმობა მივიღეთ. “მონიტორის” გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ ჩვენი პროექტის – “თავისუფლების მონიტორის” გავრცელების ხერხებზე. კვლევების მიხედვით, ქართული საზოგადოება, ჯერჯერობით, ისევ ტელეცენტრულ აუდიტორიად რჩება. ორივე რედაქციისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი პროექტის შედეგად შექმნილი საგამოძიებო ფილმები რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამ ნახოს. სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, „რადიო თავისუფლებამ“ და “მონიტორმა” ერთობლივი პროექტის განთავსება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს შესთავაზა, რაზეც თანხმობა მივიღეთ”, – ამბობს ზამბახიძე.

“ჩვენ მზად ვართ, რომ მათ ჩვენი ეთერის პრაიმტაიმი – ძალიან რეიტინგული დრო – შეუზღუდავად დავუთმოთ, რადგან „მონიტორიც“ ძალიან მოგვწონს და „რადიო თავისუფლება“ ძალიან მნიშნველოვანი პარტნიორია ახალი მენეჯმენტის პირობებში”, – გვითხრა გვარამიამ.

გვარამიაც და ზამბახძეც გვეუბნებიან, რომ გადაცემა, რომელიც ყოველ მეორე შაბათს გავა შაბათის „კურიერის“ შემდეგ, 15-20 წუთი გაგრძელდება. “თავისუფლების” ქართული სამსახურის უფროსის ცნობით,  ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 24 რეპორტაჟის მომზადება.

როგორც ნათია ზამბახიძე გვეუბნება, პროექტის მომზადებისას ტელეკომპანია არ მიიღებს მონაწილეობას სარედაქციო გადაწყვეტილებებში, ის მხოლოდ პროექტის უსასყიდლოდ განთავსების ვალდებულებას იღებს. გვარამია ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“-ის ხარჯი ამ პროექტისათვის არის “ძალიან ძვირიანი დრო”, რომელსაც არხი დაუთმობს ამ გადაცემას.

გვარამიაც ამბობს, რომ „რუსთავი 2“ არ ჩაერევა გადაცემის სარედაქციო დამოუკიდებლობაში: “ჩვენ კონტენტსაც არ ვაკონტროლებთ. შეიძლება, გამოძიება იყოს ჩემზე პირადად, მაგალითად. თემებს არ ვფილტრავთ და ა.შ… ჩვენ ვუთმობთ ეთერს იმიტომ, რომ ვენდობით სტუდია „მონიტორსაც“ და „რადიო თავისუფლებასაც“.

რადიოს მენეჯმენტის ცვლილება

“ასეთივე ინიციატივა „რადიო თავისუფლებას“ ჰქონდა წინა მენეჯმენტის დროსაც, ოღონდ ცენტრალურ ოფისს, შემდეგ კი გაუგებრობა მოხდა. ჩვენ არასოდეს გამოვსულვართ ამ ინიციატივით, მაშინაც პრაღის ოფისმა მოგვწერა, ახლაც”, – გვითხრა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა.

2018 წლის 30 იანვარს „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად თანამდებობა დაიკავა ნათია ზამბახიძემ, რომელიც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი იყო 2000-იან წლებში, მოგვიანებით კი აშშ-ში საქართველოს საელჩოში უფროს მრჩევლად მუშაობდა.

კაკაბაძე “თავისუფლების” ქართულ სამსახურს 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი გათავისუფლების შემდეგ თანამდებოდა დატოვა მარინა ვაშაყმაძემ, რომელიც თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვაშაყმაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ “ჟურნალისტური ღირებულებების უარყოფას” ვერ შეეგუებოდა, რის გამოც, მისივე თქმით, იძულებული შეიქნა, რადიოდან წასულიყო.

“ჩვენი პრინციპი არის ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება”, – უთხრა დავით კაკაბაძემ ნეტგაზეთს გათავისუფლების შემდეგ. “ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ თუ „რუსთავი 2“-თან ვითანამშრომლებთ, მაშინ გასაწონასწორებლად ვითანამშრომლოთ, მაგალითად, „იმედთან“, თუმცა სერიოზულად ამაზე საუბარი არ ყოფილა”, – ამბობდა იგი.

დავით კაკაბაძის შესაძლო გათავისუფლებაზე და რადიოს მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებულ უთანხმოებაზე ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა BBGWatch-მა — ამერიკულმა ორგანიზაციამ, რომელიც წერს, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით ამერიკის საზღვრებს გარეთ მომუშავე მედიასაშუალებები “მოდარაჯე ძაღლია”. ასეთი მედიასაშუალებებია „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“.

BBGWatch იუწყებოდა, რომ რადიოს მენეჯმენტი ქართულ სამსახურს „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აძალებდა.

ამის შემდეგ რადიოს ქართულმა სამსახურმა განმარტება გაავრცელა, რომლითაც დადასტურდა უთანხმოება მენეჯმენტთან. წერილში ნათქვამი იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების – გოგი გვახარიას წითელი ზონისა და სალომე ასათიანის ინტერVIEW-ს – დახურვის შემდეგ გადაცემებისთვის ალტერნატიული არხის მოძიებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობისა და სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა; უთანხმოების გადაჭრის გზად კი მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება არჩია. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა საპროტესტო წერილი მისწერეს რადიოს პრეზიდენტს, ტომ კენტს;

შეიქმნა ელექტრონული პეტიციაც „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის მხარდასაჭერად.

ნეტგაზეთმა რადიოს ხელმძღვანელობისგან საპასუხო კომენტარის მოპოვება მაშინ არაერთგზის სცადა, თუმცა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ შიდა საქმეებზე კომენტარს არ გააკეთებდნენ.

“რადიო თავისუფლების“ ქართულმა სამსახურმა სასიცოცხლო წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში და გარწმუნებთ, ასეც გაგრძელდება”, – ეწერა „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისიდან გამოგზავნილ წერილში.

მოგვიანებით რადიოს ხელმძღვანელობამ წერილით უპასუხა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც წერდა, რომ რადიო აფართოებს თავის წარმომადგენლობას საქართველოში, ამოსავალ წერტილად კი, უწინდელის მსგავსად, ჟურნალისტური სტანდარტები და ღირებულებები რჩება.

სტუდია მონიტორი გამომძიებელ ჟურნალისტთა ერთობლიობაა, რომლებსაც წლების განმავლობაში არაერთი საქმე გამოუაშკარავებიათ. რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა (RFE/RL) აშშ-ის კონგრესის მიერ ცივი ომის პერიოდში დაარსებული გამოცემაა – ის თავდაპირველად მხოლოდ რადიომაუწყებლობით შემოიფარგლებოდა, ბოლო წლებში კი, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში, ონლაინაც მაუწყებლობს.

ნეტგაზეთმა „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსს, ნათია ზამბახეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ჰკითხა, იმის გათვალისწინებით, რომ წლის დასაწყისში გავრცელებულმა ცნობებმა „რუსთავი 2“-ისა და „რადიო თავისუფლების“ შესაძლო აფილაციასთან დაკავშირებით უარყოფითი რეაქცია გამოიწვია მაყურებლის ნაწილშიც, როგორ ფიქრობს, გადაცემის ამ არხზე განთავსება ხომ არ დააზარალებს რადიოს სანდოობის ხარისხს. მან ასე გვიპასუხა:

“მესმის თქვენი კითხვა, მესმის ამ კითხვის კონტექსტი, რომელიც მწვავე და მტკინვეული იყო რამდენიმე თვის წინ. ვფიქრობ, სანდოობის ხარისხი იზომება იმ პროექტების შინაარსით და ხარისხით, რომლებსაც  ვთავაზობთ აუდიტორიას. ზოგადად, მედიებთან თანამშრომლობის შემთხვევაში ჩვენ ვხელმძღვანელობთ რადიოს სარედაქციო გადაწყვეტილებებში სრული ჩაურევლობის პრინციპით. ჩვენ ან უკვე ვთანამშრომლობთ, ან გეგმაში გვაქვს თანამშრომლობა სხვა ქართულ სატელევიზიო მაუწყებლებთანაც. ვამზადებთ სატელევიზიო პროექტებს, რომლებიც მხოლოდ ჩვენს ბაზაზეა შექმნილი და რომლებსაც ვავრცელებთ სხვა სატელევიზიო პარტნიორების — TV პირველის, (პერსპექტივა) და აჭარა TV-ს (ანარეკლები) მეშვეობით; ვაპირებთ გოგი გვახარიას განახლებული ანარეკლების დისტრიბუცია სხვა რეგიონულ ტელევიზიებსაც შევთავაზოთასევე გვაქვს ერთობლივი პროექტი არტარეასთან — “ლიტერატურული წახნაგები“ ლევა ბერძენიშვილის ავტორობითვაძლიერებთ ჩვენთვის ტრადიციულ რადიო-პლატფორმასაცახალ პროექტებს იწყებს სალომე ასათიანიც”. 

შენიშვნა: სტატია განახლდა ორჯერ: პირველად 20 სექტემბერს, 00:15 წუთზე ნათია ზამბახიძის პასუხებით; 10:20-ზე კი სტატიას გადაცემის პრომო დაემატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი