რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის განმარტება გაჟონილ ინფორმაციაზე

რადიო “თავისუფლები” ქართული სამსახური ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


ბოლო დღეებში რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს მოგვმართავენ ჩვენი ერთგული აუდიტორიის წარმომადგენლები თხოვნით, განვუმარტოთ ჩვენი რედაქციის გარშემო შექმნილი ვითარება. ვრჩებით რა მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპების ერთგული, თავს ვალდებულად ვთვლით, მოკლედ გიამბოთ ბოლო პერიოდის მოვლენებზე.

მას შემდეგ, რაც 2017 წლის ივნისში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ აღარ გაგვიგრძელა კონტრაქტი ორი ყოველკვირეული გადაცემის, „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW“-ს ეთერში განთავსების თაობაზე, დადგა ალტერნატიული სატელევიზიო პარტნიორების მოძიების საკითხი. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) ხელმძღვანელობისა და ქართული სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა, რამაც – რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად – წარმოშვა მწვავე უთანხმოება სამსახურის დირექტორს, დავით კაკაბაძესა და კომპანიის მთავარ რედაქტორს, ნენად პეიჩს შორის.

უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი რთე/რთ-ის პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე. სამწუხაროდ, წერილის შინაარსმა არასრული ფორმით გაჟონა ინტერნეტში, რის შემდეგაც გაჩნდა ზემოთ ნახსენები შეკითხვები და დაბნეულობა, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან.

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის თანამშრომლები უდასტურებენ პატივისცემას თავიანთ კოლეგებს და გადაჭრით ემხრობიან იმას, რომ საქართველოს მედიასივრცეში არსებობდეს პლურალიზმი და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები. მაგრამ როცა საქმე პარტნიორობაზე მიდგება, ქართული სამსახურის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკური ძალისგან მაქსიმალურად დისტანცირებულ ტელეარხებთან.

სწორედ ამან განაპირობა რედაქციის გადაწყვეტილება, თანამშრომლობის წინადადებით მიემართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რაზეც მისგან თანხმობა მიიღო. მთელი გულით ვუხდით მადლობას ჩვენს აუდიტორიას და გპირდებით, რომ არსებული კრიზისის დაძლევის შემთხვევაში კვლავაც ჩვენი ორგანიზაციის მისიისა და პრინციპების ერთგული დავრჩებით.

რადიო თავისუფლების ქართული სამსახური


ამავე თემაზე:

პეტიცია რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის მხარდასაჭერად

არ დათმოთ ჟურნალისტიკა – ხადიჯა ისმაილოვა “რადიო თავისუფლების” ქართველ ჟურნალისტებს

“რადიო თავისუფლება” გაჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს

რადიო თავისუფლების ქართული სამსახური მენეჯმენტის მხრიდან ზეწოლას აპროტესტებს – BBG WATCH

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი