ბრეგაძე, ბურჯანაძე და ინაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ

ნინო ბურჯანაძე, სანდრო ბრეგაძე და პატრიოტთა ალიანსი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ძალები, რომლებსაც საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ, ამის მიზეზად არჩევნების წინასწარ გაყალბებას და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას ასახელებენ.

საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს ამოიწურა. პრეზიდენტობის სურვილი 45-მა  პირმა გამოთქვა.

არჩევნებში არ მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები: “დემოკრატიული მოძრაობა” და “პატრიოტთა ალიანსი”, ასევე, “ქართული მარში”, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში სანდრო ბრეგაძის კანდიდატურის დაყენებას გეგმავდა.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, დღესდღეობით პრეზიდენტის ინსტიტუტს საქართველოში მხოლო სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, არჩევნები გაყალბდება:

“არ ვაპირებ ივანიშვილის ფარსში მონაწილეობას და ამაში ჩემი თანამოაზრეების ჩართვას. მე ვიბრძოლებ რეალური ცვლილებებისთვის, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის, რათა შევცვალო ეს დამამცირებელი ოლიგარქიული მმართველობა”, – ამბობს ბურჯანაძე და დასძენს, რომ ხელისუფლება მოქმედი საარჩევნო სისტემით ვერ შეიცვლება.

საპრეზიდენტო არჩვნები თავისუფალი არ იქნება “პატრიოტთა ალიანსის” აზრითაც. პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ არსებული საარჩვენო სისტემის ფონზე პრაქტიკულად ლეგალიზებულია ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენება.

“გარდა ამისა, პრეზიდენტის ინსტიტუტი იმდენად დააკნინეს, რომ რეალურად უფუნქციო პრეზიდენტს ვირჩევთ, რომელიც “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში რეალურად რაიმე ხელშესახებს მაინც ვერ გააკეთებს”, – აღნიშნა თევდორაძემ.

ამასთან, თევდორაძის თქმით, არც წარდგენილი 46 კანდიდატიდან არის ვინმე ისეთი, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსი” მხარს დაუჭერდა. ცნობისთვის, არჩევნებში მონაწილეობს კახა კუკავა (“თავისუფალი საქართველო”), რომელთან ერთადაც “პატრიოტთა ალიანსმა” 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება “ქართულ მარშს”, მისი ლიდერი სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, ოპოზიციამ არჩევნებს ერთხელ და სამუდამოდ ბოიკოტი გამოუცხადოს.

“აზრი არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, რადგანაც შედეგი წინასწარ ცნობილია – “ქართული ოცნება” გაყალბებით, ათასგვარი მაქინაციებით გაიყვანს სალომე ზურაბიშვილის, ანუ რეალურად საკუთარ  კანდიდატურას. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ადმინისტრაციული რესურსი, ძალოვანი სტრუქტურები, ფინანსური რესურსი და გაყალბების დიდი მექანიზმი მობილიზებულია, რომ გაიმარჯვოს სახელისუფლებო კანდიდატმა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა არჩევნებში  სახელისუფლებო ძალა გაიმარჯვებს. ამიტომაც არის ხოლმე, რომ საქართველოში უმეტესად რევოლუციის გზით თუ ცვლიან ხელისუფლებებს”, – განუცხადა ბრეგაძემ “ნეტგაზეთს”.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი