ახალი ამბები

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში შეხვედრებს მართავს

6 აპრილი, 2022 • 3791
„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში შეხვედრებს მართავს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები — დავით-თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი – რუსეთში შეხვედრებს მართავენ.

ვიზიტის ფარგლებში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს [პარლამენტის ზედა პალატა] საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, ვლადიმერ ჯაბაროვს შეხვდნენ.

ფედერაციის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.

„ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა“, — განაცხადა ვლადიმერ ჯაბაროვმა.

ფედერაციის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დავით თარხან-მოურავმა ჯაბაროვს „პატრიოტთა ალიანსის“ საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ პარტია ერთგულია ქვეყნის ნეიტრალიტეტისა საერთაშორისო ასპარეზზე. მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივად მომგებიანი კავშირების შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარების შესახებ და გადაწყდა, რომ შეხვედრის შემდეგ დიალოგი გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის ჯავახკური დიასპორის პრეზიდენტი აგასი არაბიანი, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების თხოვნით ორგანიზება გაუკეთა შეხვედრას რუსეთის ფედერაციის საბჭოში.

„როგორც გატყობინებდით, სტუმრები გვყავს საქართველოდან. მათი თხოვნით 2022 წლის 4 აპრილს ჩვენ მოვაწყვეთ ოფიციალური შეხვედრა რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოში [პარლამენტის ზედა პალატა]. შეხვედრის მიზანი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება… რუსეთსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება“, — წერს არაბიანი.

„მითების დეტექტორის“ ცნობით, არაბიანი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვურ შეხვედრებს ესწრება,  აქტიურად უჭერს მხარს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას და 2019 წელს საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. ამასთან, 2012 წლის აპრილში არაბიანმა განაცხადა ისიც, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე, მისი ორგანიზაცია იძულებული გახდებოდა, მოსახლეობისთვის გამოყოფისკენ მოეწოდებინათ.

5 აპრილს დავით თარხან-მოურავმა პრესკონფერენცია გამართა „რეგნუმის“ პრესცენტრში, სადაც ისაუბრა საქართველოს ურთიერთობების აღდგენაზე რუსეთთან, ომზე უკრაინაში და თქვა, რომ აუცილებელია აფხაზებთან შეთანხმება აფხაზეთის გავლით რკინიგზის ასამუშავებლად.

თარხან-მოურავის თქმით, მისი მიზანია, საქართველო არ იყოს ჩათრეული რუსეთთან ომში.

„მე ზოგადად ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა იმეგობროს რუსეთთან და არა იომოს. კონკრეტულად რუსეთთან ომში ჩათრევა დამღუპლველი იქნება საქართველოსთვის. ერთ-ერთი მთავარი მოტივი, რატომ ვარ აქ, არის, რომ არ მსურს საქართველოს დაღუპვა. უკრაინა ათჯერ დიდია საქართველოზე, მაგრამ რასაც ვხედავთ, არის, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მე მგონია, იმ სახით ეს სახელმწიფოებრიობა აღარ შენარჩუნდება, საქართველოსთვის კი უბრალოდ დაღუპვაა ასეთ ომში ჩათრევა. მე მგონია, რომ ეს ესმის [საქართველოს] ხელისუფლებასაც და კარგია, რომ სანქციებს არ უერთდება, მიუხედავად ზეწოლისა. მეორე მხრივ, ამის რესურსიც არ არის“, — თქვა თარხან მოურავმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი