ახალი ამბები

სარალიძე და მაჩალიკაშვილი აქციებს აანონსებენ – “ამ ხელისუფლების პირობებში სამართალი არ იქნება”

6 სექტემბერი, 2018 • 2201
სარალიძე და მაჩალიკაშვილი აქციებს აანონსებენ – “ამ ხელისუფლების პირობებში სამართალი არ იქნება”

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე 10 სექტემბერს აქციების განახლებას აანონსებს. იმავეს აცხადებს პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ორივე მათგანი ამბობს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში, იმედი არ აქვთ, საქმეებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები მიიღონ.

დავით სარალიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადებულ დასკვნაში მხოლოდ ცალკეული გარემოებები მოიხსენია და არ დაუსვამს მთავარი კითხვა: ვინ მოკლა დავით სარალიძე.

” “ქართულმა ოცნებამ” წარმოაჩინა ისე, თითქოს მე ვინტერესდებოდი მხოლოდ და მხოლოდ იმით, თუ ვინ დაანგრია ფარდული, ვინ გაღუნა დანა და რატომ მფარველობდნენ სუბელიანს. სამარცხვინოა მათი ეს დასკვნა. ეს არც კი უნდა გაეფიქრებინათ იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი: ვინ მოკლა დავით სარალიძე?

… ამ გამოძიებას გააგრძელებს აუცილებლად სხვა ხელისუფლება. იქიდან  გამომდინარე, რომ ე.წ. მმართველი გუნდი, “ქართული ოცნება” მფარველობს დღეს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას”, – აცხადებს ის.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე საგამოძიებო კომისიამ მუშაობა გუშინ დაასრულა. წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ოპოზიციის მიერ მომზადებულ დასკვნას, “ქართული ოცნების” დასკვნა კი, რომელსაც სარალიძე აკრიტიკებს, არ დამტკიცდა.

ოპოზიცია საკუთარ დასკვნაში გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლენილ მთელ რიგ ხარვეზებზე საუბრობს და ორი მინისტრის – თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

სარალიძესთან ერთად ასევე 10 სექტემბერს იწყებს აქციებს პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. მისი თქმით, პროტესტის გარდა ვერ ხედავს სხვა გზას, რომლითაც სახელმწიფო “შეცდომას აღიარებს”.

“ჩვენ წინა საპროტესტო აქციის მსვლელობისას და მერეც განვაცხადეთ, რომ გარკვეულ დროს მივცემდით ხელისუფლებას შეცდომის აღიარებისთვის; რომ დასჯილიყვნენ ის ადამიანები, ვინც თემირლანთან მიმართებაში ასეთი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. აქ არის ასევე სარალიძის და კიდევ ათასი საქმე, როგორც ჩვენ ვართ გამწარებული ამ ხელისუფლების მიერ. საბოლოოდ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი სამართალი არ იქნება და გადავწყვიტეთ, ისევ ქუჩაში გამოვიდეთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით”, – განუცხადა მაჩალიკაშვილმა “ნეტგაზეთს”.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი