ახალი ამბები

ღარიბაშვილის ცოლისძმა ადასტურებს, რომ ზაზა სარალიძეს აგინა

1 დეკემბერი, 2021 • 5593
ღარიბაშვილის ცოლისძმა ადასტურებს, რომ ზაზა სარალიძეს აგინა

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა ალექსანდრე თამაზაშვილი ადასტურებს, რომ ზაზა სარალიძეს გინების შემცველი ტექსტი სოციალურ ქსელში მართლაც მისწერა.

საკუთარ ფეისბუკზე ყოფილი დეპუტატი ზაზა სარალიძის პოსტს აზიარებს, სადაც ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრის ოჯახის მისამართით იგინება და აცხადებს, რომ თუ სარალიძის ეს პოსტი ავთენტურია, მისი გინებაც ავთენტურად მივიჩნიოთ:

გუშინ, 30 ნოემბერს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილზე კრიტიკული სტატუსის შემდეგ მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ წერილებს იღებს. სარალიძის თქმით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის არასწორი მართვის გამო გააკრიტიკა და შეაგინა.

ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 30 ნოემბერს ისაუბრა. სარალიძე და მისი უფლებადამცველი აცხადებენ, რომ მუქარისა და შეურაცხმყოფელი მესიჯების უკან ღარიბაშვილის გარემოცვა დგას. სარალიძის ოჯახის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ერთ-ერთი წერილი სარალიძემ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავისგანაც მიიღო:

“დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, ჩემი გამზრდელი ბიძა, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის. რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით, ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე.

ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, მამიდაშვილი დავკარგე, ბევრი ადამიანი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები აბსოლუტურად ყველა”, – ამბობს ზაზა სარალიძე გადაცემაში „რეაქცია“.

როგორც სარალიძის უფლებადამცველი ნესტან ლონდარიძე ამბობს, მუქარის შემცველი წერილების გამო პროკურატურას მიმართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი