ახალი ამბები

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას IBSU სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრებს

2 სექტემბერი, 2018 • 1792
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას IBSU სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრებს

ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრებს. “ნეტგაზეთს” IBSU – ში განუცხადეს, რომ ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტს 31 აგვისტოს ჩაბარდა. IBSU – ში ჯერ ზუსტად არ იციან სააპელაციო საბჭოს როდის მიმართვენ, თუმცა ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გასაჩივრდება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებული სააპელაციო საბჭო 11 წევრისგან შედგება. საბჭოს შეუძლია გაიზიაროს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება,  ან ავტორიზაციის  საბჭოს ხელახლა დაუბრუნოს განსახილველად. კანონის თანახმად, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრება ამ გადაწყვეტილების შეჩერებას არ იწვევს.

თუ სააპელაციო საბჭო უნივერისტეტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს,  ექვს თვეში უნივერსიტეტს უფლება აქვს საბჭოს წარუდგინოს ექსპერტთა ახალი დასკვნა და საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში. პროცედურის მიხედვით, ავტორიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვის შემდეგ, საბჭო სტუდენტების მიღების შეზღუდვას აუქმებს.

ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე დავით აფრასიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ IBSU – ს დავალიანება და უნივერისტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა არ იყო ასახული რისკების შეფასებასა და აუდიტის დასკვნაში. სწორედ ფინანსური საკითხები გახდა IBSU – თვის დაწესებული სანქციის მიზეზი.

ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა.

26 აგვისტოს IBSU – მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა. მანამდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საბანკო ამონაწერი გაასაჯაროა, სადაც დეპოზიტზე დავალიანების დასაფარი თანხა იყო. IBSU – ში აცხადებდნენ, რომ საბანკო ამონაწერი ავტორიზაციის საბჭოსაც წარუდგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი