ახალი ამბებისაზოგადოება

რა მოხდა ყირგიზეთში და რისი ეშინიათ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში

7 ივნისი, 2021 • 10742
რა მოხდა ყირგიზეთში და რისი ეშინიათ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში

საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების ნაწილი, რომელიც ფეთულა გიულენის სახელთან არის აფილირებული, თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს ყირგიზეთის ინციდენტისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ ისინი “ნეტგაზეთთან” ანონიმურად საუბრობენ.

ყირგიზეთში მეშვიდე დღეა ეძებენ პრესტიჟული საგანმანათლებლო ქსელის დამფუძნებელს, რომელიც პირველ ივნისს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.

ორჰან ინანდის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ მომხდარში თურქეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია, ვინაიდან ხსენებული საგანმანათლებლო ქსელი დაკავშირებულია ფეთულა გიულენის მოძრაობასთან, რომელსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლება თურქეთში 2016 წელს მომხდარი გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას ედავება.

 რა მოხდა ყირგიზეთში?

თურქეთში დაბადებული ორჰან ინანდი, რომელიც ყირგიზეთში 90-იანი წლებიდან საქმიანობს და ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს,  გასულ კვირას გაუჩინარდა დედაქალაქ ბიშკეკიდან. პოლიციის განცხადებით, ინანდის ავტომობილი ღია კარით პირველ ივნისს, ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის ეზოში იპოვეს.

როგორც Euarasianet ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ყირგიზეთის შსს ამბობს, რომ შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც გაუჩინარებულის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.

ინანდის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ის გატაცებულია და ბიშკეკის ტერიტორიაზე იმყოფება.

კიდევ ერთი საინტერესო გარემოებაა ყირგიზეთის დაზვერვის სახელმწიფო კომიტეტის განცხადება, რომლის თანახმადაც, ინანდი ჯერ კიდევ 2019 წელს გააფრთხილეს, რომ პოტენციური გატაცების სამიზნე იყო კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან, რომელიც შემდგომ გამოსასყიდის მოთხოვნას აპირებდა.

ორჰან ინანდი ორჰან ინანდი

არაერთი ადამიანი საუბრობს საქმეში თურქეთის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობაზე. საქმე ის არის, რომ ინანდი ხელმძღვანელობს ყირგიზულ-თურქული სკოლების ქსელს, სახელწოდებით “საფათი”, რომელიც აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთულა გიულენის სახელთან არის ასოცირებული.

რამდენიმე დღეა, ინანდის გათავისუფლების მოთხოვნით ბიშკეკში საპროტესტო აქციები იმართება, რომლებშიც “საფათის” სკოლების კურსდამთავრებულები, მათი მშობლები და მასწავლებლები მონაწილეობენ.

დაკარგულის ცოლმა 6 ივნისს საჯაროდ განაცხადა, რომ ინანდი ბიშკეკში, თურქეთის საელჩოში ჰყავთ დაკავებული და ცდილობენ, ყირგიზეთის მოქალაქეობა დაათმობინონ. მისი თქმით, ინფორმაცია წყარომ მიაწოდა, რომლის სახელსაც ვერ გაასაჯაროებს.

თურქეთის საელჩო ამ კომენტარს, ისევე როგორც უშუალოდ ინანდის საქმეს, არ გამოხმაურებია.

თურქეთის ბრძოლა გიულენის მოძრაობასთან შინ და გარეთ

თურქეთის ხელისუფლებას ერთ დროს ერდოღანის პარტნიორის, ხოლო 2013 წლის კორუფციული სკანდალის შემდეგ  მასთან დაპირისპირებული გიულენის მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული “ფეთოს” სახელწოდებით.

თავად მოძრაობაში, რომელთანაც ასოცირებულია არაერთი საგანმანათლებლო ქსელი  ამერიკაში, ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, აფრიკასა და ბალკანეთში, დასძენენ, რომ ემხრობიან მშვიდობასა და ზომიერ ისლამს.

ანკარის პოზიციაა, რომ სწორედ გიულენი და მისი მომხრეები იყვნენ ორგანიზატორები 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი გადატრიალების მცდელობისა, რომლის დროსაც სამხედროების ნაწილმა ხელისუფლების აღების შესახებ განაცხადა, შეუტია რიგ დაწესებულებებს, სტამბოლის მთავარი ხიდები გადაკეტა და ტელეკომპანიების ოფისები დაიკავა. განხორციელდა საჰაერო დარტყმებიც, მათ შორის, თურქეთის პარლამენტზე.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელიც იმ დროს შვებულებაში იმყოფებოდა, უსაფრთხო ადგილას გადასვლა შეძლო, შემდეგ კი FaceTime-ით ჩაერთო პირდაპირ ეთერში და მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სტამბოლსა და ანკარაში განვითარებული დრამატული პროცესების დროს 251 ადამიანი დაიღუპა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ერთბაშად გააფართოვა გიულენის მოძრაობასთან ბრძოლა.

მქადაგებელთან კავშირის ბრალდებით თურქეთში ათობით ათასი ადამიანი დააკავეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ შორის იყვნენ სამხედროები, პოლიციელები, ადვოკატები, მასწავლებლები და სხვები. დაიხურა ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი, 200-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ კი ფუნქციონირება შეწყვიტა.

ფეთიულაჰ გიულენი ფეთიულაჰ გიულენი

თავად გიულენი ყველა ბრალდებას უარყოფს და დასძენს რომ ყოველთვის ყოველგვარი გადატრიალებების მოწინააღმდეგე იყო.

ერდოღანის ხელისუფლება გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირში მყოფ პირებს საზღვრებს გარეთაც უპირისპირდება: ანკარამ სხვადასხვა გზით თურქეთში “დააბრუნა” 30-მდე სახელმწიფოდან გიულენთან კავშირში დადანაშაულებული 100-ზე მეტი ადამიანი.

ამას გარდა, თურქეთი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყანაში იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის შესაჩერებლად, რომლებიც გიულენის მოძრაობასთანაა აფილირებული.

ამ მხრივ გამონაკლისი არც სამხრეთ კავკასია და საქართველოა.

ვის და რისი ეშინია საქართველოში?

*რესპონდენტების სახელები შეცვლილია მათი სურვილიდან გამომდინარე

ჯემალი ორ კოლეგასთან ერთად იხსენებს 90-იან წლებს, როდესაც თურქეთიდან საქართველოში ჩამოვიდა და განათლების სექტორში დასაქმდა. ასე გრძელდება დღემდე.

სამივე მათგანი თურქეთის მოქალაქეა, თბილისში ბინადრობის უფლებით ცხოვრობს და საქმიანობს ყოფილ “ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელში, რომელიც ფეთულა გიულენის სახელთან არის ასოცირებული.

ქსელი საქართველოში 1993 წლიდან მოქმედებს და თავდაპირველად უპრობლემოდ ოპერირებდა: მასში შემავალი უმაღლესი სასწავლებელი — “შავი ზღვის სახელმწიფო უნივერსიტეტი” — 1995 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თანსუ ჩილერმა ერთად გახსნეს.

როგორც ქსელში დასაქმებულები ჰყვებიან, მშვიდად ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ 2016 წელს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობამდე, რის შემდეგაც თურქული მხარე ღიად დაუპირისპირდა “ჩაღლარის” ქსელს მისი გიულენთან ასოცირების გამო:

თურქეთის კონსულმა ქსელი “ტერორისტულ ორგანიზაციებთან” კავშირში დაადანაშაულა და მისი სკოლების დახურვის საჭიროებაზე ისაუბრა. მეორე მხრივ, თურქეთის სახელისუფლებო მედიაში საუბარი იყო, რომ საქართველოდან “პოზიტიური სიგნალები” შეინიშნებოდა თურქეთში დაფუძნებული “მაარიფის ფონდისთვის”  ხსენებული სკოლების გადაცემის კუთხით. ეს უკანასკნელი პრაქტიკაში არ განხორციელებულა.

დემირელის კერძო კოლეჯი — ჩაღლარის ქსელში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც 2017 წელს ავტორიზაცია ვეღარ გაიარა და დაიხურა დემირელის კერძო კოლეჯი — ჩაღლარის ქსელში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც 2017 წელს ავტორიზაცია ვეღარ გაიარა და დაიხურა

“ყველა თანამშრომელს აქვს [განცდა] ამ ყველაფრის შემდეგ, რომ ყოველ წუთს შეიძლება რაღაც მოხდეს”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” ჯემალის კოლეგა მევლუდი, ყირგიზეთში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას, რომელშიც, სხვა კრიტიკოსთა მსგავსად, თურქეთის კვალს ხედავს.

კოლეგები ყურადღებას ამახვილებენ გასულ დღეებში მომხდარ კიდევ ორ ამბავზე, რომლებიც ასევე აშფოთებთ: პირველი ამბავი ორჰან ინანდის გაუჩინარებამდე მცირე ხნით ადრე, 31 მაისს მოხდა: თურქულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის დაზვერვის აგენტებმა თურქეთში დააბრუნეს ფეთულა გიულენის ძმისშვილი, სელაჰადდინ გიულენი, რომელსაც ბიძამისის ორგანიზაციის წევრობას ედავებიან.

თურქულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანაში აიყვანეს ის, თუმცა დაკავებულის ცოლის თქმით, ქმართან ერთად კენიის დედაქალაქ ნაირობიში ცხოვრობდა და სწორედ აქედან გაუჩინარდა სელაჰადდინ გიულენი ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში. ფეთულა გიულენთან დაკავშირებული პირები აღნიშნულ ფაქტს გატაცებას უწოდებენ.

სელაჰადდინ გიულენი დაკავების შემდეგ. ფოტო: ანადოლუ სელაჰადდინ გიულენი დაკავების შემდეგ. ფოტო: ანადოლუ

მეორე ამბავი კი უკავშირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრას პირველ ივნისს. იმ დღეს ერდოღანმა თქვა, რომ განიხილეს “ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები” და ხაზგასმით აღნიშნეს ” „ფეთოს“ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხი”.

“როცა უკვე კენიიდან 1 ადამიანი გაუჩინარდა და თურქეთში აღმოჩნდა, შემდეგ უკვე ყირგიზეთში ხდება ასეთი ამბავი და უკვე შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ [საქართველოს პრემიერ-მინისტრს] ფეთოსთან ბრძოლასა და შესაბამისი დახმარების მოთხოვნაზე ესაუბრა, ეს უკვე გიჩენს [შიშის] გრძნობას…”, — დასძენს ჯემალი, რის შემდეგაც საუბარში მევლუდი ერთვება:

“დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ ასეთი რამ არ მოხდეს, მაგრამ მაინც ადამიანი ხარ, ხედავ, რომ ამდენი რამ ხდება, ხედავ, რომ შენს დაწესებულებებს უარყოფითად ახსენებენ… ამ დროს უკვე შეიძლება, გაგიჩნდეს ეჭვი, რომ შენც ხარ მიზანში”.

“ხანდახან კოლეგებს ვაფრთხილებ, ფრთხილად იყვნენ”

2016-2020 წლებში, თურქეთიდან განცხადებების ფონზე, საქართველოში ჩაღლარის ქსელს არაერთი პრობლემა შეექმნა: 3 სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა, ქსელში შემავალ “შავი ზღვის უნივერსიტეტს” კი დროებით პირველკურსელთა მიღების უფლება შეუზღუდეს.

ოფიციალურ მიზეზებად დაწესებულებებში აღმოჩენილი დარღვევები სახელდებოდა, რასაც კრიტიკოსები იმთავითვე არ ეთანხმებოდნენ და თბილისის გადაწყვეტილებებზე თურქეთის შესაძლო გავლენაზე საუბრობდნენ.

მოვლენათა ამ სერიიდან ყველაზე ხმაურიანი იყო 2017 წელს მომხდარი ფაქტი, როცა საქართველოს პოლიციამ აწ უკვე დახურული დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავა.  თურქული მხარე ჩაბუქს გიულენის ორგანიზაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებდა და საქართველოს მის გადაცემას სთხოვდა.

ჩაბუქი უარყოფდა ბრალდებებს და საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდა. საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, 2018 წლის თებერვალში სასამართლომ ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია თბილისში 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია თბილისში 07.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჩაბუქის საქმის მიმდინარეობისას საქართველოში უკვე იმყოფებოდა მურათი, რომელიც თბილისში შედარებით გვიან ჩამოვიდა, ჯემალისა და მევლუდის მსგავსად, “ჩაღლარის” ქსელში საქმიანობს და ისიც ფიქრობს, რომ საფრთხე მათ მიმართ მზარდია.

“საქართველო ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა, მთავრობის თვალსაზრისით, მაგრამ თუ ის დაექვემდებარება გარე აქტივობებს, არავინ აღარ იქნება აქ უსაფრთხოდ. თურქეთი ამას აკეთებს არაერთ ისეთ ქვეყანაში, რომელზეც ვრცელდება მისი გავლენა.

მიზანში იღებენ ფიზიკურ პირებს, დაწესებულებებს. როცა იცი, რომ ასეთი რაღაცები მრავლად ხდება, რა თქმა უნდა, გეუფლება გაურკვევლობის განცდა. შეიძლება, არა იმის შიში, რომ შემდეგი შენ იქნები და მოგიტაცებენ, მაგრამ [გარკვეული] შიში ყოველთვის არის.

ხანდახან, როცა ვსაუბრობთ, ვაფრთხილებ ხოლმე კოლეგებს, რომ ფრთხილად იყვნენ”, — აღნიშნავს ის.

თურქეთის სახელმწიფო ტელეკომპანია TRT 2020 წლის დასაწყისში იუწყებოდა, რომ თურქულ მხარეს საქართველოსთვის გიულენის მოძრაობის წევრობაში ეჭვმიტანილი, სულ მცირე, 17 ადამიანის ექსტრადიციის მოთხოვნა აქვს გამოგზავნილი.

“ეს ყველაფერი აშკარაა”

“ნეტგაზეთის” რესპონდენტები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ რამდენიმე სკოლის ავტორიზაციის შეჩერების საკითხი გასაჩივრებული აქვთ და ნდობას უცხადებენ ქართულ სასამართლოს. თუმცა ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზეზი ნათელია და ის არ მდგომარეობს სკოლების მიერ სტანდარტებთან შეუსაბამობაში.

“ნებისმიერი, ვინც წაიკითხავს, რა მოხდა თურქეთში, როგორ მოიქცა თურქეთის ხელისუფლება და იმის მერე რა მოხდა საქართველოში, ეს ყველაფერი აშკარაა.

როცა სკოლა მუშაობს 20 წელიწადია და 3-ჯერ, 5-ჯერ მონიტორინგს აბარებს, მერე, ერთ მშვენიერ დღეს, ორჯერ ზედიზედ მონიტორინგს აგზავნი და შემდეგ ავტორიზაციას უწყვეტ… ჩვენმა არცერთმა მოსწავლემ და მშობელმა დაიჯერა არგუმენტი, რომ ეს სკოლები დასახური იყო”, — აღნიშნავს ჯემალი.

მისი თქმით, არ არსებობს კანონი, რომლის ძალითაც საგანმანათლებლო დაწესებულების დახურვა ვინმესთან აფილირების გამოა შესაძლებელი. ჯემალი არც იმას უარყოფს, რომ მას და მის კოლეგებს მოსწონთ გიულენის იდეები, რადგან მათში ხედავენ მშვიდობასა და რელიგიური ექსტრემიზმის დაგმობას.

თუმცა აქვე დასძენს, რომ გიულენისადმი კერძო პირთა სიმპათია არ ნიშნავს საგანმანათლებლო დაწესებულებათა პირდაპირ კავშირს აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელთან.

“ჩვენ საქართველოს განათლების სამინისტროსგან ვიღებთ ავტორიზაციას. ადგილობრივი სამინისტროს მიერ  ავტორიზებული სკოლა ვერ იქნება ვერავისთან აფილირებული.

ამ სკოლებში მუშაობს თურქეთის მოქალაქეც, საქართველოს მოქალაქეც, მესამე ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ამ ადამიანებიდან ყველა თავის არჩევანს თვითონ აკეთებს.

ზოგს გიულენი მოსწონს და მის [წიგნებს] კითხულობს, ზოგს სულ სხვა რაღაცები აინტერესებს, ზოგს სწამს და ზოგს — არა, ზოგი რელიგიურია, ზოგი — არარელიგიური… აფილირებულობის გამო ვერც ერთი იურიდიული კანონი ვერ გახდის ადამიანს ასეთი შევიწროების ობიექტს”.

“საქართველოს სახელმწიფო ვერ დამიცავდა”

მათ შორის, ვინც საქართველოში ცხოვრება უსაფრთხოდ არ მიიჩნია და პოლიტიკური თავშესაფარი სხვა სახელმწიფოს სთხოვა, “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ყოფილი რექტორი, ილიას ჩილოღლუა.

ჩილოღლუ, რომელსაც საქართველოსა და თურქეთის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, 2014-20 წლებში ხელმძღვანელობდა IBSU-ს.

2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო გიულენის მოძრაობის წევრობის ბრალდებით, 2018 წელს კი, მისივე ინფორმაციით, ართვინის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა. TRT-ს თანახმად, ჩილოღული ერთ-ერთია მათ შორის, ვისი ექსტრადიციის თხოვნითაც ანკარამ თბილისს მიმართა.

თავად ბრალდებებს უარყოფს და დასძენს, რომ არც მას და არც IBSU-ს გიულენის მოძრაობასთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, გასული საუკუნის მეორე ნახევარში გიულენის თანამოაზრე ბიზნესმენებმა არაერთი საგანმანათლებლო ქსელი დააფუძნეს მსოფლიოს გარშემო, მათ შორის, საქართველოში, ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით.

ილია ჭილაშვილი ილიას ჩილოღლუ

თავდაპირველად სწორედ ზემოხსენებულმა ბიზნესმენებმა უზრუნველყვეს ფინანსები ქსელში შემავალი დაწესებულებების ასამუშავებლად, თუმცა, ჩილოღლუს განცხადებით, როგორც უნივერსიტეტი, ისე სკოლები, ამჟამად თვითდაფინანსებაზე არიან.

“თურქეთის მთავრობა რას აკეთებს, ამასთან მე რა შუაში ვარ? ჩემს საქმეს ვაკეთებდი და არანაირად არ ვიყავი მათით დაინტერესებული. თურქეთის არხებსაც კი არ ვუყურებდი. საქართველოში ვცხოვრობდი და ასე ვაპირებდი გაგრძელებას. აბსურდია ეს ყველაფერი”, — დასძენს ის.

როგორც ამბობს, მის მიმართ მიმდინარე გამოძიებით განსაკუთრებით დაინტერესდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის ზაფხულში თურქეთის ელჩმა საქართველოში თქვა, რომ  “[გიულენის] ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა”.

ფატმა ჯერენ იაზგანს მაშინ არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა IBSU-სა და მის იმჟამინდელ რექტორს, ილიას ჩილოღუს. თუმცა ჩილოღლუსთვის ეს ისედაც ნათელი იყო. ამ განცხადებიდან მალევე, უნივერსიტეტს დროებით შეუზღუდეს პირველკურსელთა მიღების უფლება, ოფიციალურ მიზეზად კი ფინანსური არამდგრადობა დაასახელეს.

შავი ზღვის უნივერსიტეტის მხარდამჭერი აქცია. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი შავი ზღვის უნივერსიტეტის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. 27.08.18 ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ჩილოღლუ ჰყვება, რომ ჰქონდა ინფორმაცია მზარდი რისკების შესახებ, რომელსაც საქართველოში ყოფნის შემთხვევაში გადააწყდებოდა. ის არ აკონკრეტებს, ვისგან ჰქონდა ეს ინფორმაცია.

“ბოლო პერიოდში, ყოველდღე ვიყავი მოლოდინში, რომ შეიძლება, მოვეტაცებინე. მარტო არ გავდიოდი სახლიდან. ხან ვინ მაკითხავდა, ხან — ვინ. ყოველთვის მივდიოდით იმ გზიდან, სადაც კამერები იყო და ყოველთვის სხვადასხვა გზიდან.

სახლიდან გასვლიდან ნახევარ საათში მეუღლე მირეკავდა ხოლმე, რომ თუ რამე კარგად არ იყო, მეგობრებისთვის ან პოლიციისთვის დაერეკა. მქონდა აპლიკაციაც, რომლის გამოყენებითაც სწრაფად შიეძლებოდა პოლიციის გამოძახება”, — დასძენს ის.

საპასუხოდ კითხვისა, ჰქონდა თუ არა იმედი, რომ საქართველოში დაიცავდნენ, ყოფილი რექტორი დასძენს:

“[საქართველოს სახელმწიფო] ვერ დამიცავდა იმიტომ, რომ მეორე მხარე არანაირ საერთაშორისო სამართალს არ უყურებს”.

ამჟამად ილია ჩილოღლუ ოჯახთან ერთად სხვა სახელმწიფოში ცხოვრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ აქ დარჩენილი კოლეგების ბედი ადარდებს.

“მე ჩემს მეგობრებზე, ვინც მანდ ცხოვრობს, ძალიან დიდი შიში მაქვს. ბევრი კი არ დარჩნენ, მაგრამ მათ ძალიან დიდი საფრთხე ელოდებათ. ამიტომ, ყველა ყურადღებით უნდა იყოს ამ თემასთან დაკავშირებით.

იმათ, რომლებმაც ყირგიზეთში ასეთი ცნობილი ადამიანი მოიტაცეს, ეს, მგონი, უკვე ბევრ რამეს ნიშნავს და ყველა ფრთხილად უნდა იყოს. ამიტომ გადავწყვიტე ამაზე თქვენთან საუბარი. ეს ადამიანები დასაცავები არიან”, — დასძენს ის.

ვინ როგორ პასუხობს ანკარის მოთხოვნებს?

თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, ჯამში, ანკარამ მსოფლიოს 105 ქვეყანას გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 800-ზე მეტი ადამიანის ექსტრადიცია სთხოვა.

ამავე ცნობების თანახმად, თურქეთმა 27 ქვეყნიდან 116 ადამიანის “დაბრუნება” შეძლო. ანკარა ამისათვის სხვადასხვა გზებს მიმართავს.

გიულენთან ასოცირებული სკოლების თანამშრომლები თურქეთს მასპინძელ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით არაერთგზის “დაუბრუნებია”. ასე მოხდა, მაგალითად, კოსოვოს, ბულგარეთისა და მალაიზიის შემთხვევაში.

“ფრიდომ ჰაუსის” ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად, ხშირად იჩენს თავს კორუფციული ელემენტი მასპინძელი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს შორის. ორგანიზაციის თქმით, სცენარი, უმეტეს შემთხვევაში, ასეთია:

მასპინძელი ქვეყნის პოლიცია ან უსაფრთხოების სამსახურები მცირე ხნით აკავებენ თურქეთის მოქალაქეებს, რის შემდეგაც ისინი საიდუმლოდ გადადიან თურქული მხარის ხელში. ბოლო ეტაპი თურქული თვითმფრინავით მათი თურქეთში გადაყვანაა.

გიულენის მოძრაობის სავარაუდო წევრების თურქეთში “დაბრუნების” საკითხი წარსულში არაერთი უსიამოვნების მიზეზი გამხდარა. ასე მოხდა კოსოვოში, როცა ქვეყანამ თურქეთის 6 მოქალაქე — მათ შორის გიულენთან აფილირებული სკოლის 5 პედაგოგი — თურქეთში გააძევა. კოსოვოს პრემიერმა თქვა, რომ დეპორტაციაზე ნებართვა მას არ გაუცია, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრი და დაზვერვის სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან გადააყენა.

კოსოვოდან გაძევებული 6 ადამიანი კოსოვოდან გაძევებული 6 ადამიანი

კიდევ ერთ შემთხვევაში, 2018 წელს, მონღოლეთში ფეთულა გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირში მყოფი თურქი მასწავლებელი გაიტაცეს, მოგვიანებით კი, ქვეყნის ოფიციალური პირების ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს. ინციდენტში თურქეთის მონაწილეობაზე კითხვები მაშინაც გაჩნდა, რის შემდეგაც მონღოლეთის მთავრობაში თქვეს, რომ თუ ეს ცნობები რეალური იყო, ეს იქნებოდა “მონღოლეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაუმართლებელი შებღალვა”. ანკარაში მომხდართან კავშირი გამორიცხეს.

არაერთ შემთხვევაში, ანკარა ექსტრადიციის თხოვნებზე უარყოფით პასუხს იღებს. ასე მოხდა, მაგალითად, საბერძნეთის შემთხვევაში, რომლის სასამართლომაც თურქეთს უარი უთხრა 8 თურქი ოფიცრის გადაცემაზე, დიდმა ბრიტანეთმა კი ანკარას თურქი ბიზნესმენის გადაცემაზე უთხრა უარი.

როგორც მაშინ ითქვა, ათენისა და ლონდონის სასამართლოებში არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ეს ადამიანები თურქეთში სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლბდნენ.

თურქეთი თავად გიულენის ექსტრადირებასაც ითხოვს აშშ-სგან, თუმცა ამ შემთვევაშიც ვერ იღებს სასურველ პასუხს. ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ ანკარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია სასამართლოში წარსადგენად.

მეორე მხრივ, ანკარა განაგრძობს მუშაობას გიულენთან აფილირებული სკოლების დასახურად და მათ გადასაცემად თურქეთში დაფუძნებული “მაარიფის” ფონდისთვის. ფონდის ხელმძღვალის განცხადებით, მათ უკვე გადაეცათ გიულენთან ასოცირებული 216 სკოლა 44 ქვეყანაში.  თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მცდელობა ყოველთვის წარმატებული არ არის და ხსენებული სკოლები არაერთ სახელმწიფოში ისევ ოპერირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი