ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – ბიულეტენზე პარტიის სახელის მოსახვედრად ჯაფარიძე სახელს იცვლის

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ცესკო-მ დაუდასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ იქნება საკუთარი პოლიტიკური პარტიის კანდიდატი. ჯაფარიძის თქმით, როგორც ცესკოში განუმარტეს, იმისთვის, რომ პარტიამ კანდიდატი დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებული, ხოლო გირჩს აქამდე არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა.

“ამ წესს ცესკო ვერ ცვლის, პარლამენტის შესაცვლელიაო. ჩემთვის და გირჩელებისთვის პრინციპული საკითხია, რომ ბიულეტენში ეწეროს გირჩი. საბოლოო ჯამში, ჩემთვის ხმის მიცემა გირჩისთვის ხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის გირჩს. ცალ-ცალკე გირჩამდეც გვიკეთებია რაღაცეები, მაგრამ ის რაც არის გირჩი, მხოლოდ ჩვენი ერთობლიობით შეიქმნა.

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ქართული საარჩევნო კანონმდებლობა საკუთარ თავზე აქვთ მორგებული მსხვილ პარტიებს და როგორც მსხვილი ბიზნესები, ხელს უშლიან პატარა მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე შესვლას. მისი თქმით, სწორედ ამის გამოხატულებაა ეს კონკრეტული შემთხვევაც, რის გამოც გადაწყვიტეს შემდეგი:

გირჩის ლიდერი აპირებს, რომ 10 აგვისტოს ოფიციალურად მიმართოს იუსტიციის სამინისტროს, რომ მის სახელს დაემატოს ე.წ middle name (შუა სახელი) – გირჩი: “ანუ, რომ გავხდე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ამ გზით გირჩი მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში”.

ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს:

“ვიცი, რომ ასეთი ცვლილებების რეგისტრაციისთვის 60 დღე გაქვთ. თუმცა, ჩემ შემთხვევაში, მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ ამ ცვლილებას არ ვითხოვ საკუთარი რეალური იდენტობის დამალვისა და წარსული ცოდვების მიჩქმალვის მიზნით.

შესაბამისად, იქნებ სწრაფად განახორციელოთ ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რათა 1-ლი სექტემბრიდან მომეცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების ვადებში განხორციელებისა და კამპანიის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა.”

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, ასევე, გაცნობიერებული აქვს, რომ სახელის შეცვლა მხოლოდ ერთხელ არის კანონმდებლობით ნებადართული: “შესაბამისად, გირჩი სიკვდილამდე დარჩება ჩემს middle name-ად. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.”

ცესკოში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ზურაბ ჯაფარიძეს “გირჩის” კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, რადგან პარტიას წინა არჩევნებზე რეგისტრირებული არ ყოფილა.

“ზურაბ ჯაფარიძემ წერილით მოგვმართა, მას ჰქონდა კითხვა, შეეძლო თუ არა რეგისტრაცია და რა პროცედურების გავლა იყო ამისთვის საჭირო. საარჩევნო ადმინისტაციამ მას უპასუხა, რომ კანონმდებლობით პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს როგორც ცესკოში რეგისტრირებულ პარტიას, ასევე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც საარჩევნო რეგისტრაცია არ აქვს, არ აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება. ამასთან, კანონმდებლობა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაციას არ ითვალისწინებს,” – აცხადებენ ცესკოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.