ახალი ამბები

საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია – ჯაფარიძე „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე

9 აპრილი, 2024 • 7246
საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია – ჯაფარიძე „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საჯარო რეესტრის მიერ „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმება საშიში პრეცედენტია.

„ალტ-ინფოს პარტია რეესტრმა გააუქმა 3 წლის წინ რეგისტრაციის დროს რაღაც ფორმალური დარღვევების არსებობის გამო, რომლებიც თურმე ახლა აღმოაჩინეს, 3 წლის შემდეგ. ცხადზე ცხადია, რომ მოტივი პოლიტიკურია და ბიძინა პრო-რუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს.

არაფერი ამაში სასიხარულო არაა, საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია ნებისმიერ პარტიასთან მიმართებაში, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი ხედვები.
მსგავსი თითიდან გამოწოვილი საბაბით მიადგებიან ნებისმიერ არასასურველ პარტიას და ის, რომ ალტ-ინფოს ლიდერები ციხეში უნდა ისხდნენ 5 ივლისის ორგანიზებისთვის, ამასთან არაფერ შუაშია“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


საჯარო რეესტრის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ძალადობრივი, პრორუსული დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“.

რეესტრის გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება პარტიის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ მიიღეს მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე შეისწავლეს პარტიის რეგისტრაციის კანონიერება.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, „კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიად რეგისტრაცია ზურაბ მახარაძემ 2021 წლის 21 ნოემბერს მოითხოვა, თუმცა რეესტრმა წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა, რისი გამოსწორებაც პარტიას დაევალა.

კერძოდ, რეესტრის მიხედვით, პარტიის სარეგისტრაციო დოკუემნტაციას თან არ ახლდა გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეული გიორგი ქარდავას ხელმოწერა, პარტიის ემბლემის აღწერილობასა და წარდგენილ ესკიზებში იყო შეუსაბამობები, სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას ხელს აწერდა მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე — ამავე წესდების მიხედვით კი დოკუმენტზე ყრილობის ყველა მონაწილის ხელმოწერა იყო საჭირო, ასევე, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ ინფორმაციას.

როგორც საჯარო რეესტრი 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაში წერს, ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა ხარვეზების გასწორების მიზნით პარტიამ რეესტრში 2021 წლის დეკემბერში წარადგინა განახლებული დოკუმენტაცია, პარტიის წესდებას კი ხელს აწერდა ყრილობის თავმჯდომარე კონსტანტინე მორგოშია. ამის საფუძველზე საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის 7 დეკემბერს დაარეგისტრირა.

თუმცა, როგორც საჯარო რეესტრი აცხადებს, 2021 წლის დეკემბერში წარდგენილი დოკუმენტაცია სამართლებრივად არ იყო გამართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი