თალაკვაძე არ აფასებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აგვისტოს ომის დაწყებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, არ აფასებს. თუმცა, მისი თქმით, მმართველი გუნდის პოზიცია ცალსახაა – რუსეთი ოკუპანტია და აგრესორიც სწორედ ის არის.

“მე დამოუკიდებელი კანდიდატების ხედვაზე, მათ პოზიციაზე განმარტებებს არ გავაკეთებ. ეს არ არის ქართული ოცნების კომენტარების სფერო ამ მომენტში. ჩვენი გუნდის პოზიცია არის ცალსახა – საქართველოს ტერიტორიები დღეს ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რუსული აგრესია სახეზეა, რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებით,” – განუცხადა ტელეიმედს არჩილ თალაკვაძემ.

  • საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 8 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ საქართველო დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ იცოდა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა.
  • ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ომის დაწყებაში იმ ქვეყანას ადანაშაულებს, რომლის მთავარსარდლობასაც აპირებს. 6 აგვისტოს საკუთარი კანდიდატურის წარდგენისას მან განაცხადა, რომ  2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, 2008 რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს დადანაშაულება რუსული ნარატივის გაზიარებაა.

“ამას რომ უდასტურებ მტერს, აქ არის ორი ვარიანტი: ერთი, ან უნდა იყო შენი ქვეყნის შეგნებული მტერი და რუსეთის ინტერესების პირდაპირი განმახორციელებელი ამ რეგიონში და მეორე – სიბრიყვემდე არაკვალიფიციური,” – უთხრა ნეტგაზეთს დავით ზურაბუშვილმა. მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, ეს დააზიანებს ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე და წყალში ჩაიყრება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიღწევები ამ მიმართულებით.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას “ქართულ ოცნება”  არ აპირებს. მათ ჯერ არ უთქვამთ, ღიად დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა “ოცნების” არაერთმა წევრმა ეს მხარდაჭერა ირიბად გამოხატა. ასევე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ამ ოლქში მმართველ პარტიას კანდიდატი არ ჰყოლია და მხარი სწორედ ზურაბიშვილს დაუჭირა.

წელს 10 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.