ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე: საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების

6 აგვისტო, 2018 • 25626
სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე: საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების

სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დღეს, 6 აგვისტოს, საკუთარი თავი პრეზიდენტობის დაოუკიდებელ კანდიდატად დაასახელა, ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ იყო, მას კითხვა ბრიფინგზე ჟურნალისტმა შემდეგი ფორმულირებით დაუსვა:

“აგვისტოს ომთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია თქვენი პოციზია? თუკი პრეზიდენტი გახდებით, ხმამაღლა დააფიქსირებთ, რომ ომი დაიწყო საქართველომ?”

აღნიშნულ კითხვას ზურაბიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

“ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ. ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციები, რომლებზეც მაშინ გვაფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, პროვოკაციებს არ ავყვები. როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენ მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო.”


მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ისევე, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამჯერადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა ექნება, რომელიც საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება.


სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი