ახალი ამბები

ძმათა სასაფლაოზე მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ომის დაწყებაში კვლავ საქართველო დაადანაშაულა

8 აგვისტო, 2018 • 19976
ძმათა სასაფლაოზე მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ომის დაწყებაში კვლავ საქართველო დაადანაშაულა

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 8 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ საქართველო დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ იცოდა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა.

“როცა საომარი მოქმედებები დაიწყო, იმ დროს საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა. 2008 წელს საქართველო გაფრთხილებული იყო მისი ყველა მოკავშირეებისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა. საქართველო ასევე იყო გაფრთხილებული, რომ არანაირი დახმარება მოკავშირეებისგან არ იქნებოდა. როცა დახმარების იმედი არ გაქვს და მეტიც, იცი, რომ საზღვარზე ივლისიდან წვრთნები სახელად “კავკასი” მიმდინარეობს. მაშინ იქ ათასობით რუსი ჯარისკაცი და ჯავშანტექნიკა იყო მობილიზებული და რაღაცას ელოდებოდნენ. როცა ასეთი ვითარებაა, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლება და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან,” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ომის დაწყებაში იმ ქვეყანას ადანაშაულებს, რომლის მთავარსარდლობასაც აპირებს. 6 აგვისტოს საკუთარი კანდიდატურის წარდგენისას მან განაცხადა, რომ  2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, 2008 რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს დადანაშაულება რუსული ნარატივის გაზიარებაა.

“ამას რომ უდასტურებ მტერს, აქ არის ორი ვარიანტი: ერთი, ან უნდა იყო შენი ქვეყნის შეგნებული მტერი და რუსეთის ინტერესების პირდაპირი განმახორციელებელი ამ რეგიონში და მეორე – სიბრიყვემდე არაკვალიფიციური,” – უთხრა “ნეტგაზეთს” დავით ზურაბუშვილმა. მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, ეს დააზიანებს ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე და წყალში ჩაიყრება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიღწევები ამ მიმართულებით.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას “ქართულ ოცნება”  არ აპირებს. მათ ჯერ არ უთქვამთ, ღიად დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა “ოცნების” არაერთმა წევრმა ეს მხარდაჭერა ირიბად გამოხატა. ასევე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ამ ოლქში მმართველ პარტიას კანდიდატი არ ჰყოლია და მხარი სწორედ ზურაბიშვილს დაუჭირა.


წელს 10 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი