საპროტესტო სტენსილების გამო, შსს რადიო მოზაიკის დირექტორის დაჯარიმებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ გორის ქუჩებში გაკეთებული წარწერების გამო, შსს რადიო “მოზაიკის” დირექტორის დაჯარიმებას ითხოვს.

რადიო “მოზაიკის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, თბილისში მიმდინარე აქციების პარალელურად, გორში გამოჩნდა წარწერები , „მოკლულია 2 მოსწავლე“, „მკვლელი ქუჩაშია“, „სამართალი სად არის?!“, რაზეც შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო. წარწერების გამოჩენიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ კი გორის სათემო რადიო „მოზაიკის“ დირექტორისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება – პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ასკ-ს 150 მუხლის მიხედვით, მისი 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს:

“საქმეს იძიებს გორის რაიონული სამმართველო. უწყების მიერ გადმოცემულ მასალებში ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეყრდნობა მხოლოდ რამდენიმე პოლიციელის ახსნა-განმარტებას, რომლებიც სხვა მტკიცებულებებით (ფოტო, ვიდეო, მოწმეთა ჩვენებები) გამყარებული არ არის” – ვკითხულობთ რადიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ მასალების შეგროვება შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ივნისის შემდეგ არ გაუგრძელებია, გვანცა დოლუაშვილი, როგორც სავარაუდო სამართალდამრვევი, ივლისის ბოლომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.

რადიო “მოზაიკის” დირექტორის თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებით მას რამდენიმე კითხვა უჩნდება. კერძოთ, გვანცა დოლუაშვილის თქმით, საქმის მასალები პოლიციელების პატაკს ეფუძნება, სადაც წერია, რომ სამართალდამცავებმა მისი იდენტიფიცრება სტენსილის ხატვისას მოახერხეს, თუმცა არც ადგილზე მიუმართავთ მისთვის შეჩერებულიყო და გამოკითხვაზეც დიდი ხნის შემდეგ დაიბარეს:

“მე მაქვს რამდენიმე შეკითხვა მთელ ამ ამბავთან დაკავშირებით:

  1. თუ ადგილზე შეძლეს ჩემი იდენტიფიცრება, რატომ ადგილზევე არ მომმართეს, რომ გავჩერებულიყავი?
  2. თუ ადგილზე მაინცდამაინც ვერ მოიფიქრეს ამის გაკეთება, რატომ მეორე დღესვე არ დამიბარეს გამოკითხვაზე?
  3. თუ სამი პოლიციელის ჩვენება საკმარისია, მაშინ რა გამოდის, შეიძლება მთელი ცხოვრება გამოკითხვაზე გავატარო და სხვადასხვა საკითხზე ვიყო მუდმივად თავის მართლების რეჟიმში? გამოკითხვის მიზნით, რამდენჯერმე ვიყავი სამმართველოში. მე მუდმივად ვამბობდი, რომ დამატებითი მტკიცებულებები ეჩვენებინათ, მაგრამ როგორც საქმის მასალებიდან ვნახეთ, პოლიციელების ჩვენების გარდა, არაფერი არ აქვთ” – ამბობს დოლუაშვილი.

სამართალდამცავის მიერ შედგენილი პატაკი

დოლუაშვილის მოსაზრებით, აღნიშნული გამოძიება ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შევიწროვების მცდელობაა:

 “პოლიციამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მტკიცებულებებით დასაბუთება, რასაც ამ ეტაპზე ვერ ახერხებს და საფუძვლიან ეჭვს მიჩენს, რომ ისინი ცდილობენ მედიის, ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების შევიწროებას. კონკრეტულს ვერაფერს ვერ ვიტყვი. უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ რადიო “მოზაიკა” ძალიან აქტიურად აშუქებდა სარალიძის მხარდამჭერ აქციებს. სხვადასხვა საპროტექსტო აქციაში ვმონაწილეობდით კიდეც და ამ თემაზე სხვადასხვა ადგილობრივ მედიასთან მისაუბრია კიდეც” – ამბობს დოლუაშვილი.

ფოტო: რადიო “მოზაიკა”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.