ახალი ამბები

სარალიძის მკვლელობისთვის მენაბდეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

11 იანვარი, 2022 • 2253
სარალიძის მკვლელობისთვის მენაბდეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ გაამტყუნა.

მენაბდეს მოსამართლემ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე 2021 წლის 15 აპრილს დააკავა.

მას ბრალი ედებოდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.

2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს, ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალი ორ პირს, მიხეილ კალანდიას და გიორგი ჯანაშიას წარედგინათ. ორივე მათგანი სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მიხეილ კალანდია ამ დრომდე პატიმრობაში რჩება, გიორგი ჯანაშიას კი 2020 წლის იანვარში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. პროკურატურის განმარტებით, მან აღიარა დანაშაული და ბრალდების მხარეს საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაცია მიაწოდა. ჯანაშიამ საპატიმრო 2021 წლის 4 იანვარს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი