მარიხუანაზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები – ზოიძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება ნაადრევი იყო და ქვეყანას  მოსამზადებლად გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა.

“მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმება არ ყოფილა ჩვენს ინიციატივაში. ასეთ პირობებში მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის მომხრე არ ვყოფილვარ. მხარს ვუჭერდი მაქსიმალურად სწრაფად გაგვეკეთებინა მარიხუანის მოხმარების მკაცრი  რეგულირება მაშინ, როცა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება მოხდა. არ ვეთანხმები საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, ეს თემა მოსამზადებელი იყო. ვეთანხმებოდი მხოლოდ სამედიცინო მიზნით მარიხუანის გამოყენების დაშვებას. პირდაპირ ვთქვათ, ერთი წლის განმავლობაში მარიხუანასთან დაკავშირებით არაპირდაპირი რეკლამა მიმდინარეობდა, რამაც ხელი შეუშალა ნარკოპოლიტიკის რეფორმას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. გზავნილები აირია და მოსახლეობა უკვე ვეღარ არკვევდა, ჩვენ რა გვინდოდა. გვინდოდა, რომ ამ ქვეყანაში მარიხუანა ყველას ლეგალურად მოეწია, თუ გვინდოდა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა შეგვემცირებინა. ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი და არა ის, რაც დღეს ხდება მარიხუანასთან დაკავშირებით,”-აცხადებს კაკი ზოიძე.

დღეს, 30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანის მოხმარებასთან დკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.