ახალი ამბები

გორში კაცს სამი ძირი კანაფის მოყვანის გამო პატიმრობა ემუქრება

25 იანვარი, 2023 • 1743
გორში კაცს სამი ძირი კანაფის მოყვანის გამო პატიმრობა ემუქრება

გორის რაიონული სასამართლო განიხილავს მოქალაქე მიხეილ მახარაშვილის საქმეს, რომელსაც პროკურატურა სამი ძირი მარიხუანის მოყვანას ედავება.

მახარაშვილი, რომელიც 5 შვილის მამაა, „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, რომ კანაფის თესლი ლეგალურად შეიძინა მაღაზიაში  და არ იცოდა, რომ მისი მოყვანით რაიმე კანონდარღვევას ჩადიოდა.

მიხეილ მახარაშვილის თქმით, სამი ძირი კანაფის მოყვანის გამო შვიდ წლამდე პატიმრობა ან პირობითი სასჯელი ემუქრება. მოქალაქის თქმით, პროკურატურამ საპროცესო გარიგება შესთავაზა, რაც დანაშაულის აღიარების შემთხვევაში სხვადასხვა პირობებით გათავისუფლებას ითვალისწინებს, თუმცა თავად თანახმა არაა.

„საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით მე ვამბობ, რომ თუ რაიმე დავაშავე, დამაპატიმრონ. არსად გავრბივარ, პირობითი რატომ უნდა მქონდეს?! სანამ მოსამართლემდე მივიდოდა ეს საქმე, განყოფილებაშივე მთავაზობდნენ ამას [საპროცესო გარიგებას]. ბოლოს და ბოლოს, მოსამართლის გადასაწყვეტია, მე როგორი კაცი ვარ.

ჯერ მაღაზიაში მომყიდეს კანაფის თესლი, თუ არ შეიძლებოდა, იმ მაღაზიისთვის ეთქვათ… მე რაში ვარ დამნაშავე? მე მეგონა, ლეგალიზაციაზე მიდიოდა საუბარი, მაღაზიაში სააშკარაოზე რომ იყიდება კანაფის კაკლები „გარანტირებული აღმოცენებით“, მეგონა, ერთი-ორი ძირი რომ მომეყვანა, ნებადართული იყო. ახლა მეუბნებიან, დანაშაულიაო“, – ამბობს მიხეილ მახარაშვილი „ნეტგაზეთთან“.

მიხეილ მახარაშვილის თქმით, მას სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით ედავებიან, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას.

ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია თრიალეთმა გაავრცელა.

ფოტო © თრიალეთი


საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური 2018 წელს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა. საუბარია მარიხუანის მხოლოდ მოხმარებაზე და არა  კულტივაცია- გაყიდვაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის.

მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანის მოხმარებასთან დკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი