ახალი ამბები

ოზურგეთში მერიის მოწყობილ  საყვავილეებში მარიხუანა ჩარგეს – ენმ

2 მაისი, 2023 • 2640
ოზურგეთში მერიის მოწყობილ  საყვავილეებში მარიხუანა ჩარგეს – ენმ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ოზურგეთში მერიის მოწყობილ  საყვავილეებში მარიხუანა ჩარგეს. ამის ამსახველ  კადრებს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, რამდენიმე ძირი მარიხუანა ზვიად გამსახურდიას მოედანზე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოფისების წინ მდებარე საყვავილეებშია ჩარგული.

„ოზურგეთის მერმა გაგვაოცა იმით, რომ ქალაქის შუაგულში, ცენტრალურ მოედანზე კუბოები მოიტანა და დააწყო, ახლა ვნახულობთ, რომ ამ კუბოებში არის ასობით ძირი მარიხუანა ჩარგული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ აწარმოე საქართველოს ან სხვა პროექტით არ ექნებათ ქალაქის ამ ფორმით გამწვანება დაფინანსებული. ისეთი მდგომარეობაა, უნდა ვიცინოთ თუ ვიტიროთ? ძალიან უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით“, – განუცხადა „მთავარ არხს“ ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ.

ოზურგეთის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ენმ-დან, თათია ნიკოლაიშვილი კი ამბობს, რომ შესაძლოა, ამ ფორმით მოსახლეობამ პროტესტი გამოხატა მერიის მიერ კუბოს ფორმის საყვავილეების მოწყობის გამო.

„ბიძინა ივანიშვილი თავიდან მარიხუანის პლანტაციებით იყო დაინტერესებული და ახლა პირდაპირ ოზურგეთის ცენტრში გადაწყვიტა, მარიხუანის პლანტაციები მოეწყო. ალბათ, ეს ადამიანების პროტესტიც არის, რომ  მეტი დანიშნულება ამ კუბოების ფორმის საყვავილეებს ვერ მოუძებნა მოსახლეობამ და ეს მოიფიქრეს პროტესტის ნიშნად“, – განაცხადა  თათია ნიკოლაიშვილმა.

თათია ნიკოლაიშვილმა გამოიძახა პოლიციაც.  გამოძახების შემდეგ მისულმა პოლიციამ კი ენმ-ის წევრებს განუცხადა, რომ კრიმინალური პოლიციაც მივიდოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი