ახალი ამბები

ხორავას ქუჩის ჩხუბის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს

20 ივლისი, 2018 • 1753
ხორავას ქუჩის ჩხუბის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს

ხორავას ქუჩის ჩხუბის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს ბრალი წაუყენეს. როგორც ჟურნალისტებთან დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სსკ-ს 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

დ.ღ. გუშინ, 19 ივლისს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დ.ღ-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

“შესაბამისად, მოწმე დ.ღ-მ არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა სასამართლოს როგორც დანაშაულის, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.”

ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე.

შსს-ს განცხადებით, მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას.

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ვრცლად ხორავას ქუჩის საქმეზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი