ახალი ამბები

ხორავას საქმეზე სამოხელეო დანაშაულში მონაწილეები ისევ არ დაუსჯიათ – NGO

23 ივნისი, 2020 • 1524
ხორავას საქმეზე სამოხელეო დანაშაულში მონაწილეები ისევ არ დაუსჯიათ – NGO

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC) აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, გამოძიებაში გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ დაუსჯელნი არიან სამოხელეო დანაშაულში მონაწილე პირები.

23 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, რომელიც გამოძიების პროცესში ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს იცავდა, ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა.

32-გვერდიანი დოკუმენტი მიმოიხილავს ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების სრულ ქრონოლოგიას და მიუთითებს, ორგანიზაციის შეფასებით, არაერთ ხარვეზზე, რაც გამოძიების და შემდგომ პროცესებში გამოიკვეთა.

„ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას იმ სისტემური პრობლემების სიმწვავე, რომელსაც უშუალო გავლენა აქვს თითოეულ ჩვენგანზე“, – წერს ორგანიზაცია.

„სიმართლისათვის ბრძოლისას დაზარალებულისა და მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის – ადამიანის უფლებათა ცენტრის პრინციპული პოზიციისა და დაზარალებულის მხარდასაჭერად სამოქალაქო საზოგადოების არნახული კონსოლიდაციის შედეგად, თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხელისუფლების მხრიდან მოვლენათა არაადეკვატური შეფასების შედეგია ის, რომ ორი წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე აირჩია“, – წერია 23 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც HRC იხსენებს, 2018 წელს საზოგადოების მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად, მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო პროცესის შესწავლის მიზნით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია.

„ამასთან, ვინაიდან პროკურატურაში კვლავ არსებობდა მიკერძოებული გამოძიების საფრთხე, საქმე საქართველოს მთავარი პროკურატურისგან ხელახალი გამოძიებისათვის გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს“.

„ბრძოლის შედეგად, სახელმწიფოს მოუწია დანაშაულში და მის დაფარვაში მონაწილე არაერთი ადამიანის მხილება, რომელთა ნაწილი უკვე მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში. თავის მხრივ, ეს ასევე არის სისტემური პრობლემების აღიარება სახელმწიფოს მხრიდან, რომელთა მოგვარება მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმის გამოსწორებით ვერ მოხდება და აუცილებლად საჭიროა სისტემური ცვლილებები, რომელიც უნდა შეეხოს როგორც ქართულ საგამოძიებო უწყებათა დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის გაზრდას, ასევე ქართული მართლმსაჯულების რეალურ რეფორმას“, – წერია ანგარიშში.

„ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების თავდაპირველი შედეგები მნიშვნელოვნად შეიცვალა და რამდენიმე ადამიანი მიეცა პასუხისმგებლობაში, კვლავ დაუსჯელნი არიან სამოხელეო დანაშაულში მონაწილე პირები. შესაბამისად, სისტემაში რეალური ცვლილებების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია გამოძიების სრულყოფილი წარმართვა, საზოგადოების დროული ინფორმირება და დამნაშავეთა დასჯა“, – აცხადებენ HRC-ში.


„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ორგანიზაციის მომზადებულ დოკუმენტს სრულად:

მასალების გადაბეჭდვის წესი