ახალი ამბები

მიხეილ კალანდიას სასამართლოში 4 ადვოკატი იცავს – სხდომა დაიხურა

24 ივლისი, 2019 • 1244
მიხეილ კალანდიას სასამართლოში 4 ადვოკატი იცავს – სხდომა დაიხურა

დღეს, 24 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს.

ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლემ სხდომა დახურა მიუხედავად იმისა, რომ იგი მხარეებს სხდომის ნაწილობრივ დახურვას სთავაზობდა, რადგან ბრალდებული უკვე სრულწლოვანია.

მხარეებმა დაასაბუთეს საკუთარი შუამდგომლობა იმით, რომ მოწმეები არასრულწლოვნები არიან, რასაც მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილიც დაეთანხმა.

მიხეილ კალანდიას საქალაქო სასამართლოში დღეს 4 ადვოკატი იცავს.

პროცესის დაწყებამდე კომენტარი მხოლოდ დაცვის მხარემ გააკეთა. ადვოკატ ანა კოტეტიშვილის განცხადებით, საქმეში არ არსებობს არანაირი ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულება. დაცვის მხარე მიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

შესავალი სიტყვას ჯერ ბრალდების, ხოლო შემდეგ დაცვის მხარე წარადგენს სასამართლოში.

მიხეილ კალანდიამ დღევანდელ პროცესზეც განაცხადა, რომ წარდეგინ ბრალს არ აღიარებს. სხდომას ბრალდებულის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებიან.


მიხეილ კალანდია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის 4 ივნისს დააკავა. დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებით, ფაქტობრივად, სამართალი აღდგა. როგორც ზაზა სარალიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება მანამ, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სწორედ კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო შარშან მიხეილ კალანდიას დაკავება.

სერგი კაპანაძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას გარდა, ხორავას საქმის გაყალბებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის 10-მდე თანამშრომელია პასუხისგებაში მისაცემი, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს. მეზვროშვილი შსს-ს სახელით მადლობას უხდის ზაზა სარალიძეს მოთმინებისთვის.

კალანდიას ოჯახი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას განცხადებით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე კალანდიებს ფიზიკური და მორალური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს ხელი იმ ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი