ახალი ამბები

სასამართლოში სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ კალანდიას პირველი არსებითი განხილვა დასრულდა

24 ივლისი, 2019 • 2130
სასამართლოში სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ კალანდიას პირველი არსებითი განხილვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოზარდ დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას პირველი არსებითი სხდომა დასრულდა. შემდეგი არსებითი განხილვა 5 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

შესავალი სიტყვას დღეს მხოლოდ ბრალდების მხარემ წარმოთქვა სასამართლოში.

პროკურორ ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, საქმეში არსებობს არაერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება, რომლის ერთობლიობითაც დასტურდება მიხეილ კალანდიას დანაშაული.

საპირისპიროს ირწმუნება კალანდიას ადვოკატი ანა კოტეტეტიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულება.

ბრალდებულს საქალაქო სასამართლოში დღეს 4 ადვოკატი იცავს. დაცვის მხარე მიხეილ კალანდიას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

მანამდე, ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ სხდომა დახურა მიუხედავად იმისა, რომ იგი მხარეებს სხდომის ნაწილობრივ დახურვას სთავაზობდა, რადგან ბრალდებული უკვე სრულწლოვანია.

მხარეებმა დაასაბუთეს საკუთარი შუამდგომლობა იმით, რომ მოწმეები არასრულწლოვნები არიან, რასაც მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილიც დაეთანხმა.

მიხეილ კალანდიამ დღევანდელ პროცესზეც განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. სასამართლოში ბრალდებულის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.


მიხეილ კალანდია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის 4 ივნისს დააკავა.

დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებით, ფაქტობრივად, სამართალი აღდგა. როგორც ზაზა სარალიძემ ტვ პირველის ეთერში დღეს განაცხადა, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება მანამ, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სწორედ კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო შარშან მიხეილ კალანდიას დაკავება.
სერგი კაპანაძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას გარდა, ხორავას საქმის გაყალბებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის 10-მდე თანამშრომელია პასუხისგებაში მისაცემი, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებულთა წრე კიდევ გაფართოვდეს. მეზვროშვილი შსს-ს სახელით მადლობას უხდის ზაზა სარალიძეს მოთმინებისთვის.

კალანდიას ოჯახი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას განცხადებით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე კალანდიებს ფიზიკური და მორალური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს ხელი იმ ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი