ადვოკატი: სმიტების მკვლელობაში ბრალდებული “უცხო პირებს” ამბობს და არა უცხოელებს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ დღეს სასამართლოში მისი დაცვის ქვეშ მყოფი “ორ უცხო პირზე” საუბრობდა და არა უცხოელებზე, როგორც ეს სხდომის დარბაზში მყოფთა ნაწილს მოესმა.

ადვოკატი ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცნობით, დანაშაული ორმა უცხო პირმა ჩაიდინა და არა უცხოელებმა. დამატებით დეტალებზე საუბრისაგან ის თავს იკავებს.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ ის უდანაშულოა, ხადის ხეობაში 3 ადამიანი ორმა კაცმა მოკლა და მას აიძულეს, ბრალი ეღიარებინა. ამის შესახებ მან სასამართლოზე განაცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა.

ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დახურვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურორების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალოს. ამასთან, ის კარგად იცნობს საქმის მოწმეებს და არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც.

პროკურორების განცხადებით, ბრალდებული სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მისი თქმით, ის ჯერ პოლიციისთვის კვალის არევას ცდილობდა, შემდეგ კი თვითონ უჩვენა, სად იყო გადამალული გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი და დანაშაულის იარაღი. ამჟამად კი პოზიცია შეცვალა და ბრალს არ აღიარებს. პროკურორების ცნობით, ოჯახთან შეხვედრამდე ბრალდებულს ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული

პროკურატურის ინფორმაციით, სმიტების ოჯახსა და მათ მკვლელობაში ბრალდებულს შორის ხადის ხეობაში მომხდარი შელაპარაკების საფუძველი გახდა იარაღის მოხმარების წესის დარღვევა. საქმის პროკურორის თქმით, რაიან სმიტმა ახალგაზრდა მწყემსს შენიშვნა მისცა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

“ამ იარაღს ისე ატარებდა ეს პირი, რომ შეიძლება საფრთხე შექმნოდა ბავშვს, რომელიც იმყოფებოდა მის გვერდით, რის გამოც მან მიიღო შენიშვნა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება”, – განაცხადა პროკურორმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com