ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატები 24 თებერვალს ტელევიზიებით გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურებიან, სადაც კობაური გამომძიებელს ესაუბრება. მისი ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ აღნიშნული ვიდეო საზოგადოების, მათ შორის, ნაფიცი მსაჯულების შეცდომაში შეყვანისთვის გამოიყენეს.
ვიდეოში, რომელზეც ადვოკატი საუბრობს, ჩანს გამომძიებლისა და კობაურის საუბარი, სადაც ბრალდებული მკვლელობის დეტალებზე საუბრობს. ადვოკატი დასძენს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა მიკერძოებული და ცალმხრივია და მასში რეალური ვითარება ადეკვატურად ასახული არ არის. მოპოვებული ჩვენება კი იძულებითია.
“როდესაც თავდაპირველად ვიწყებდით ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევას, მაშინაც ანალოგიური სიუჟეტი გავიდა. ახლა კი შერჩევის დასკვნით ფაზაში ვართ. როგორც ჩანს, გახმაურებულ საქმეებზე ეს გავრცელებული პრაქტიკაა, სადაც, ერთი მხრივ, შესარჩევ კანდიდატებზე ხდება ზეგავლენა, მეორე მხრივ კი, უკვე შერჩეულ კანდიდატებზე, რომლებიც ამჟამად საქმის არსებითი განხილვის მოლოდინში არიან.
სიუჟეტები, რომლებიც ტელევიზიით გავიდა, მიკერძოებული იყო და საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ფოტოსურათი იქნება ეს თუ ვიდეომასალა, ის არ უნდა გამხდარიყო საჯარო თვით კონკრეტული მონაწილე პირის თანხმობის გარეშე, ვინაიდან ეს პირდაპირ არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას,” – ამბობს ვასილ მამულაშვილი.
მისივე თქმით, გარდა ვიზუალური მხარისა, დარღვევა იყო ისიც, რომ გავრცელებულ ვიდეოებსა თუ სიუჟეტებში კობაური უკვე დამნაშავის სახით იყო წარმოდგენილი, ხოლო გახმიანებული დეტალები მტკიცებით ფორმით იყო წარმოჩენილი.
სხვა დარღვევებთან ერთად, რომელზეც ადვოკატი საუბრობს, ვასილ მამულაშვილისთვის ყველაზე დიდი ხარვეზი თავად ვიდეოს შინაარსი გახდა. გავრცელებულ ვიდეოს ბოლოს ისმის, თუ როგორ ეკითხება კობაური გამომძიებელს მისი ბედის შესახებ.
“წავიდე ახლა, თუ რა ხდება? და ციხე? შიდა პატიმრობა?” – კითხულობს კობაური. გამომძიებელი კი უდასტურებს, რომ მას მართლაც მხოლოდ შიდა პატიმრობა ემუქრება.
ვასილ მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ქმედება გამომძიებლის მხრიდან დანაშაულებრივია. მისი თქმით, ვიდეო კობაურის საბოლოო აღიარება არ არის და ჩანაწერი მოპოვებულია მანამდე, სანამ ბრალს წაუყენებდნენ. მამულაშვილი დასძენს, რომ გამოძიებამ ეს ჩანაწერი ბრალის წასაყენებლად გამოიყენა.
“გარდა იმისა, რომ მოტყუება განხორციელდა, იყო სხვა სახით ზემოქმედებაც. ეს ჩანაწერიდანაც კარგად ჩანს. მოხელის მიერ სისხლისამართლებრივი დანაშაულია, როდესაც ჩვენების მიღება მოტყუებით, იძულებით ან მუქარით ხდება [სსკ 335-ე მუხლი]. ეს ქმედება ისჯება 2-დან 5 წლამდე. პროკურატურა ვალდებულია, ამ მუხლით მართლაც დაიწყოს გამოძიება.
მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ამ ჩანაწერს მტკიცებულებით შინაარსი არ გააჩნია, ვინაიდან თვით პროკურატურა უარყოფს იმ ვერსიას, რაზეც თავდაპირველად იყო საუბარი და რაზეც კობაური ვიდეოში საუბრობს. აი, მაგალითად, თავდაპირველ დადგენილებაში წერია, რომ კობაურმა 3 ადამიანი ჩანჩქერზე დათვალიერების მიზნით წაიყვანა, დღევანდელი ვერსიით კი წერია, რომ კობაურს სექსუალური ლტლოვა გაუჩნდა ლორა სმიტის მიმართ და ამ მიზნით ლორა სმიტი დატოვა ადილზე, ორი ადამიანი კი გაიტყუა.
ამასთანავე, ვიდეოჩანაწერში საუბარია, თითქოს, კობაური ნასვამ მდგომარეობაში იყო, დღევანდელ ბრალდებაში კი ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. გარდა ამისა, ვიდეოში საუბარია, რომ ჩხუბი თითქოს იარაღის გამო მოხდა, დღევანდელი ბრალდებაში კი ეს არ ჩანს. ძალიან ბევრი დეტალია, რომელზეც პროკურატურა წინააღმდეგობაში თავის თავთან მოდის,” – ამბობს ვასილ მამულაშვილი.
მისი თქმით, პირველ მარტს სხდომაა ჩანიშნული, სადაც დარჩენილი 2 ნაფიცი მსაჯული აირჩევა.
2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.
6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მალხაზ კობაურის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.
თავდაპირველად გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა, ხოლო ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ სმიტების მკვლელობა ორმა მისთვის უცხო პირმა ჩაიდინა.