მალხაზ კობაური სმიტების ოჯახის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური სმიტების ოჯახის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კობაური ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ აბსოლუტურად ყველა ბრალდებაში ცნობილი იქნა დამნაშავაედ და ვერდიქტი გამოტანილია ერთხმად.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

“ვრწმუნდებით, რომ ჩვენი საზოგადოება არაა მზად ნაფიცი მსაჯულებისთვის. გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში. კიდევ დაგვრჩა წინსვლის თეორიული გზები. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა იმაზე მეტი დრო მოანდომეს ვერდიქტის გამოტანას, ვიდრე ეს გათვალისიწნებული იყო”, – განაცხადა კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ უკვე მოსამართლე განსაზღვრავს სასჯელის ვადას მალხაზ კობაურისთვის.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ”, მე-2 ნაწილის “ბ”, მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


2018 წლის 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მალხაზ კობაურის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.