პროკურორი ასახელებს მიზეზს, რის გამოც ბრალდებულსა და სმიტებს შორის შელაპარაკება მოხდა

პროკურატურის ინფორმაციით, სმიტების ოჯახსა და მათ მკვლელობაში ბრალდებულს შორის ხადის ხეობაში მომხდარი შელაპარაკების საფუძველი გახდა იარაღის მოხმარების წესის დარღვევა. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, რაიან სმიტმა ახალგაზრდა მწყემსს შენიშვნა მისცა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

“ამ იარაღს ისე ატარებდა ეს პირი, რომ შეიძლება საფრთხე შექმნოდა ბავშვს, რომელიც იმყოფებოდა მის გვერდით, რის გამოც მან მიიღო შენიშვნა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება”, – განაცხადა პროკურორმა.

მცხეთის სასამართლო დღეს მსჯელობს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

“გამოძიება არაფერს გამორიცხავს” – შსს-ს ახალი ინფორმაცია სმიტების მკვლელობის საქმეზე

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იყო დაწყებული, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.