ახალი ამბები

“გამოძიება არაფერს გამორიცხავს” – შსს-ს ახალი ინფორმაცია სმიტების მკვლელობის საქმეზე

11 ივლისი, 2018 • 3853
“გამოძიება არაფერს გამორიცხავს” – შსს-ს ახალი ინფორმაცია სმიტების მკვლელობის საქმეზე

ხადის ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. ამის შესახებ შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ “რუსთავი2”-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ჭელიძის თქმით, შსს ცდილობს, მკვლელობის მომენტში არსებული მოცემულობა მაქსიმალური სიზუსტით აღწეროს.

“მან[ბრალდებულმა] განმარტა, რომ მკვლელობის მთავარი მოტივი იყო ურთერთშელაპარაკება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ გამოძიება არ მუშაობს მხოლოდ ერთ ვერსიაზე, განსაკუთრებით, ურთიერთშელაპარაკების კონტექსტში. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ვერსიებს. ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ იქნება ჩემგან სწორი. დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალური სიზუსტით აღვწეროთ სურათი, რაც იყო უშუალოდ მკვლელობის მომენტში

…საქმეში არსებული მასალები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული კონფლიქტი ყოფით საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დეტალებში საუბარი ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი. ჩვენ ამ ვერსიაზე დაყრდნობით არ გვსურს, რომ წარვმართოთ გამოძიება. ამიტომ ვამუშავებთ კონფლიქტის სხვა მიზეზის შესაძლებლობას”, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, შეიძლება თუ არა, რომ დაკავებულის გარდა მკვლელობაში სხვა პირიც იყოს გარეული, ჭელიძემ აღნიშნა, რომ “გამოძიება არაფერს გამორიცხავს”.

მამუკა ჭელიძემ გადაცემა “არჩევანში” ბრალდებულის მიერ პოზიციის შეცვლაზეც ისაუბრა, რის შემდეგაც დაკავებული აღარ აღიარებს წაყენებულ ბრალდებას. ჭელიძის თქმით, ბრალდებულის ამ გადაწყვეტილების მიზეზი მისთვის უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მან პირველ ეტაპზე გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაულიც აღიარა:

…არ ვიცი, ეს დაცვის სტარტეგიაა, თუ რატომ შეცვალა პოზიცია, თუმცა მე ვადასტურებ, რომ არა მისი მითითება, რომ არა მისი გულწრფელი აღიარება იმ თვალსაზრისით, თუ სად იყო ბავშვი, სად იყო დანაშაულის ჩადენის იარაღი, ჩვენ გაგვირთულდებოდა იქ ოპერატიული სისწრაფით მაქსიმალურად მოკლე ვადებში მკვლელობის ფაქტის გახსნა. ვადასტუირებ, რომ მან თავისი სურვილით მიიღო მონაწილეობა გამოძიების პროცესში, მისცა აღიარებითი ჩვენება, თავისივე უშუალო მონაწილეობით გაგვიყვანა მკვლელობის ადგილზე”.


შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იყო დაწყებული, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი