ახალი ამბები

რატომ იყიდება რძის პროდუქტები, რომლებიც რძეს არ შეიცავს

24 იანვარი, 2014 • • 5179
რატომ იყიდება რძის პროდუქტები, რომლებიც რძეს არ შეიცავს

იმას, რომ უმეტეს შემთხვევაში რძის პროდუქტის დასამზადებლად რძის ცხიმის ნაცვლად მცენარეული ცხიმი გამოიყენება, პროდუქტებზე გაკეთებული წარწერის გარდა, თავად მწარმოებელი კომპანიებიც ადასტურებენ. მიუხედავად ამისა, ისინი არ მიიჩნევენ, რომ წარწერას “რძის პროდუქტი” მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს:

“ნატურალური რძისგან იწარმოება ჩვენი მთელი პროდუქციის 20%–მდე, მაგრამ ეს პროცენტი ყოველწლიურად იზრდება. ჩვენს კომპანიას აქვს რამდენიმე ხაზი, არის პროდუქტების ჩამონათვალი, მაგალითად, “სანტინო”, რომელიც მზადდება მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური რძისგან, მაგრამ არის ისეთი პროდუქცია, სადაც ვიყენებთ ასევე ხარისხიან, მაგრამ განსხვავებულ ნედლეულს”, – აცხადებს “სანტე ჯი–ემ–თი პროდუქტების” გენერალური დირექტორის მოადგილე ერეკლე გამყრელიძე.

მისი თქმით, ნატურალური რძის გამოყენების შემთხვევაში პროდუქტის ღირებულება იმდენად გაიზრდება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება:

“მომხმარებელი, რომელიც საქართველოში არსებობს და არის არც ისეთი შემოსავლიანი, მათთვის ხელმისაწვდომი პროდუქციის დასამზადებლად აუცილებელია სხვა ნედლეულის გამოყენება”, – ამბობს ერეკლე გამყრელიძე.

“ეკო ფუდის” სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის მენეჯერი თამაზ მახარაშვილი კი აცხადებს, რომ მომხმარებელს ეტიკეტზე შემადგენლობის წაკითხვა შეუძლია, ამიტომ წარწერა “რძის პროდუქტები” მას შეცდომაში ვერ შეიყვანს:

“არის პროდუქტები, რომლებიც რძის ცხიმზე მზადდება, არის პროდუქტები, რომლებიც მცენარეულ ცხიმზე მზადდება სრულად. დღევანდელი კანონმდებლობით ასეა, რომ ამ პროდუქტებს რძის პროდუქტი აწერია, ეს არავითარი შეცდომაში შეყვანა არ არის, რადგან ეტიკეტზე მითითებულია შემადგენლობა, აწერია, რა სახის ცხიმია გამოყენებული” , – ამბობს თამაზ მახარაშვილი.

მიუხედავად პროდუქციის მწარმოებელთა განცხადებებისა, მომხმარებლები რძის პროდუქტებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ მათი შეცდომაში შეყვანა ხდება.

“სანტეს (შ.პ.ს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები”) მომხმარებელი შეცდომაში შეყავს, “ხაჭოს დესერტი ვანილით” სანტისიმო ზემოდან ჩანს წარწერა “დამზადებულია ნატურალური რძისგან”, ხოლო ეტიკეტზე ჩანს, რომ შემადგენლობაში არის აღდგენილი რძე”, – წერს ერთ–ერთი მომხმარებელი momxmarebeli.ge-ის facebook გვერდზე.

სხვადასხვა პროდუქციის შემოწმების მიზნით ვებ–გვერდს momxmarebeli.ge ყოველდღიურად ათობით ადამიანი მიმართავს. როგორც სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, მომხმარებელთა დაცვის პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუა აცხადებს, მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე momxmarebeli.ge პროდუქციას რამდენიმე კერძო ექსპერტიზის ბიუროში ამოწმებს, ლაბორატორიული შემოწმების ყველა შედეგი მათ ვებ–გვერდზე ქვეყნდება.

ვებ–გვერდზე ნახავთ, რომ, მაგალითად, რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ნატურალ +”–ის “არაჟნის” და “სვანური არაჟნის” შპს “ნორმას” ლაბორატორიაში შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ რძის ცხიმის შემცველობა ორივე ტიპის არაჟანში 0%–ია. ხოლო, “კარაქი ექსტრა 82,5 სანტე” მხოლოდ 27,1% ცხიმს შეიცავს და კარაქს არ წარმოადგენს“ეკო–ფუდის” არაჟანში რძის ცხიმის შემცველობა კი მხოლოდ 16%–ია.

ლია თოდუას თქმით, შემოწმების შედეგად რძის პროდუქტების მიკრობიოლოგიური დაბინძურება სულ რამდენჯერმე დაფიქსირდა და ყველაზე ხშირად ლაბორატორიული დასკვნა სწორედ პროდუქტის არასწორ შემადგენლობაზე მიუთითებს:

“ბაზარზე დღეს უამრავ პროდუქტს ნახავთ, რომელსაც “რძის პროდუქტი” აწერია, თუმცა რეალურად მასში რძის ცხიმის შემცველობა 0%–ია. ძირითადად, რძის ცხიმი სხვა კომპონენტით, მაგალითად, მცენარეული ცხიმითაა ჩანაცვლებული. მსოფლიოში დამკვიდრებული სტანდარტის თანახმად, ასეთ პროდუქტს შეფუთვაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწეროს “რძის პროდუქტი”, რადგან ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი პირდაპირ შედის შეცდომაში. არის შემთხვევები, როცა პროდუქტს აწერია “კარაქი” და სინამდვილეში არის “სპრედი”, რომელიც ცხიმს შეიცავს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რასაც უნდა შეიცავდეს კარაქი”.

როგორც ლია თოდუა განმარტავს, საქართველოში არ არსებობს სტანდარტი, რომელიც რძის, კარაქის, ხაჭოს ან სხვა პროდუქტის შემცველობაში ცხიმების სავალდებულო რაოდენობას განსაზღვრავს, ამის გამო იმ კომპანიებს, რომლებსაც მომხმარებელი შეცდომაში შეყავთ, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მცენარეული ცხიმის გამოყენებით კანონს კომპანიები მართლაც არ არღვევენ:

“მცენარეულ რძესთან დაკავშირებით დღეს ნამდვილად არის პრობლემა, თუმცა არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც განმარტავს, თუ რა პროდუქტი არის რძის პროდუქტი და რას შეიძლება შეიცავდეს, ან არ შეიცავდეს”, – ამბობს სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე.

მისი თქმით, სწორედ მომხმარებელთა მიმართვის საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამჟამად შექმნილია ჯგუფი, რომელიც ნორმატიული აქტის მომზადებაზე მუშაობს:

“შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობით შეიმუშავებს ამ პრობლემის დასარეგულირებლად ნორმატიულ აქტს. სავარაუდოდ, ამ დოკუმენტს ტექნიკური რეგლამენტის სახე მიეცემა და განმარტავს იმ ნორმებს, რომლებიც უნდა დაიცვან საქართველოში რძის მწარმოებლებმა. მოცემული იქნება დეფინიცია ყველა იმ პროდუქტის, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე არის განთავსებული მათ შორის ხაჭო, არაჟანი, კარაქი, მაწონი და ა.შ. რას შეიძლება რომ შეიცავდეს, რას არ უნდა შეიცავდეს. ეს, სავარაუდოდ, გაზაფხულის დასაწყისისთვის უკვე შემუშავდება და ალბათ მთავრობის დადგენილებით დამტკიცდება”, – აცხადებს კახა სოხაძე.


მასალების გადაბეჭდვის წესი