საზოგადოება

11 ტრადიციული საახალწლო კერძი მსოფლიოდან

27 დეკემბერი, 2021 •
11 ტრადიციული საახალწლო კერძი მსოფლიოდან

ტრადიციულ საახალწლო კერძებს, ძირითადად, სიმბოლური დატვირთვა აქვთ და სხვადასხვა ცრურწმენას ეფუძნებიან. როგორც წესი, ისინი დღეგრძელობასთან, იღბალთან, ბარაქასთან, წარმატებასთან უნდა ასოცირდებოდეს.

მაგალითად, ბევრ კულტურაში ახალ წელს მიირთმევენ სიუხვესთან ან ფულთან (მონეტებთან) ასოცირებულ საკვებს: პარკოსნებს, კომბოსტოს, ბროწეულს… ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ახალი წლის ტრადიციაა 12 მარცვალი ყურძნის ჭამა. ბედნიერების მომტანად მიიჩნევა „სრული წრის“ გამომხატველი, ე.ი. მრგვალი ფორმის საკვები. სიმდიდრესთან ასოცირდება ღორის ხორცი, ხანგრძლივ სიცოცხლესთან — ატრია;

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ 11 ტრადიციულ საახალწლო კერძს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:

აშშ

Hoppin’ John — ტრადიციული საახალწლო კერძი ამერიკის სამხრეთ შტატებში. ის, ბარდის, ღორისა და ბრინჯისგან მზადდება. მიიჩნევა, რომ ახალ წელს იღბალის და მშვიდობის მომტანია. ხშირად მიირთმევენ ფოთლოვან კომბოსტოსთან ან სხვა მოხარშულ მწვანილთან ერთად (რომელიც დოლარის ფერია) და სიმინდის პურთან (ოქროს ფერი) ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი სახის ხმელი ბარდა (მონეტების სიმბოლო) შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰოპინ ჯონისთვის, შავთვალა ბარდა (Black Eyed Peas) ყველაზე ტრადიციულია. კერძის წარმოშობისა და სახელწოდების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, თუმცა ამერიკაში საკვები, სავარაუდოდ, აფრიკიდან ჩაიტანეს.

ბულგარეთი

ბანიცა — ტრადიციული ბალკანური კერძი, რომელიც მზადდება ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთში. ის ცომის თხელი ფენების, ათქვეფილი კვერცხის, ნატურალური იოგურტისა და თეთრი მარილიანი ყველის ნაჭრებისგან კეთდება. ახალ წელს ცომში იღბლიან ნიშნებს ათავსებენ, მაგალითად, მონეტებს ან მცირე ზომის სიმბოლური საგნებს.

იაპონია

Toshikoshi Soba (საახალწლო სობა) — სობა ეწოდება წიწიბურის ატრიას, რომელიც იაპონიაში საახალწლო კერძის მთავარი შემადგენელია. კერძი სხვადასხვა ინგრედიენტით შეიძლება მომზადდეს, თუმცა მთავარი სიმბოლური დატვირთვა აქვს სობას — გრძელ ატრიას, რომელიც თავისი ფორმის გამო ხანგრძლივი სიცოცხლის და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა. ამასთან, წიწიბურის მოსავალი გამძლეობასთან ასოცირდება, ხოლო სობას ატრია ადვილად იშლება კბეჩეისას, რაც წინა წლის უსიამოვნებებისგან ადვილად თავის დაღწევის სიმბოლოა.

იაპონიის გარდა, ახალ წელს გრძელი ატრიის, როგორც დღეგრძელობის სიმბოლოს კერძის მომზადების ტრადიცია ჩინეთში, ინდოეთში და სხვა აზიურ ქვეყნებშიც არსებობს.

კამბოჯა

კრალანი — ტრადიციული საახალწლო კერძი კამბოჯაში. მოხარშული ბრინჯს ურევენ ლობიოს ან ბარდის მარცვლებს, გახეხილ ქოქოსს, ქოქოსის რძეს და პალმის შაქარს. ეს ნაზავი თავსდება ბამბუკის ღეროში და ნელ ცეცხლზე იწვება. ლეგენდის თანახმად, ბამბუკის ბრინჯს იყენებდნენ სამხედრო რაციონში ქმერის იმპერიაში.

ლიეტუვა

შაკოტისი — შამფურზე შემწვარი ფიჭვის ხის ფორმის ნამცხვარი, რომელიც კარაქის, კვერცხის, ფქვილის, შაქრისა და ნაღებისგან მზადდება. მისი სახელწოდება ნიშნავს “განტოტებულ ხეს”. ასევე, აფორმებენ შოკოლადისა და ყვავილების ორნამენტებით.

მადაგასკარი

რომაზავა — მალაგასი ხალხი ახალ წელ მარტში, სავსე მთვარეობისას აღნიშნავს, მაგრამ 1-ელი იანვარი კუნძულზე სახალხო დღესასწაულია. ახალ წელს მადაგასკარის ეროვნულ კერძს — რომაზავას — ამზადებენ და არ სვამენ ალკოჰოლს. რომაზავას ყველა ოჯახი სხვადასხვანაირად ამზადებს, მაგრამ ტრადიციულად ესაა ზებუს ხორცის, პომიდვრის, მწვანილისა და ხახვის ჩაშუშული, რომელსაც ხშირად ბრინჯთან ერთად ჭამენ. კერძის განუყოფელი კომპონენტია მცენარე ანამალაჰო, რომლის კვირტში არსებული მჟავას ამიდი ციტრუსოვან და პირის ღრუს დაბუჟების ეფექტს ქმნის.

მექსიკა

ტამალები – სიმინდის ქერში ან ბანანის ფოთოლში გახვეული ორთქლზე მოხარშული ხორცი, ყველი და სხვა სიმინდის ცომში შერეული დანამატები, რომელსაც ოჯახები ამზადებენ საშობაო დღესასწაულებზე, 12 დეკემბრიდან 6 იანვრამდე. ითვლება, რომ ტამალებს ათასწლეულების ისტორია აქვს, მას მაიას ტომები და აცტეკებიც ამზადებდნენ.

პორტუგალია

ბაკალაო — პორტუგალიაში შობა-ახალი წლის ტრადიციულ კერძებს შორისაა გამხმარი, დამარილებული ვირთევზა მოხარშული პომიდვრით, ზეთისხილით და ნივრით. ბაკალაო საახალწლო სუფრის ნაწილია პორტუგალიის ყოფილ კოლონიებშიც.

საბერძნეთი

ვასილოპიტა, იგივე წმინდა ბასილის ნამცხვარი — ტრადიციული საახალწლო ნამცხვარი საბერძნეთში. ახალ წელს საბერძნეთში ასევე აღნიშნავენ წმინდა ბასილის ხსენების დღეს, რომელიც ბერძნულ თოვლის ბაბუად ითვლება. ვასილოპიტაში გამოცხობის დროს მალავენ მონეტას. ნამცხვარს ჭრიან საახალწლო სუფრაზე და ოჯახის წევრებს ასაკის მიხედვით ურიგებენ. ითვლება, რომ ვისაც მონეტიანი ნაჭერი შეხვდება, იღბლიანი მომავალი წელი ელის. საახალწლო დესერტში „იღბლიანი ნიშნის“ დამალვის ტრადიციას ბევრ ქვეყანაში ვხვდებით.

ფილიპინები

ლეჩონი – ნახშირზე შემწვარი ღორია, რომელიც შიგნიდან წვნიანი და გარედან — ხრაშუნა. “ყველა დროის საუკეთესო ღორის კერძი”, — ასე შეაფასა კულინარმა, მწერალმა და მოგზაურმა ენტონი ბურდეინმა ლეჩონი, რომელიც ტრადიციული საახალწლო კერძია ფილიპინებში.

ფინეთი

იოულუკინკუ — საშობაო ლორი, ხშირად დაფარული პურით და მდოგვის ნარევით. სუფრის შემადგენელი ნაწილია ასევე, საშობაო კასეროლები — კასეროლი ეწოდება კერძს, რომელიც სუფრაზე იდგმება იმავე ჭურჭლით, რომელშიც ის მზადდება. პოპულარული კასეროლებს შორისაა ტკბილი კარტოფილი, რუტაბაგას ან სტაფილო, ასევე, ხორციანი ვერსია, რომელიც ღვისძლის, ბრინჯისა და ქიშმიშისგან მზადდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი