ახალი ამბები

„ჯარში შედის პეპსი-კოლა, გაუყინავი ხორცი…“ — თავდაცვის მინისტრი „ტვ პირველის“ სიუჟეტს პასუხობს

4 დეკემბერი, 2023 • 1189
„ჯარში შედის პეპსი-კოლა, გაუყინავი ხორცი…“ — თავდაცვის მინისტრი „ტვ პირველის“ სიუჟეტს პასუხობს

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ ჯარში უხარისხო კვების შესახებ „ტვ პირველის“ სიუჟეტი სიცრუეა და ჯარის დისკრედიტაციას ემსახურება.

„ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, რადიკალურად აცდენილია რეალობას“, — განაცხადა ბურჭულაძემ დღეს, 4 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ჯარში ხარისხის კონტროლის ოთხი მექანიზმი მუშაობს: თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტი, გენინსპექცია, სამხედრო პოლიცია და კვების კომპანიის ზედამხედველობის დეპარტამენტი. მისი თქმით, კვების ხარისხის კონტროლში თავად ჯარიც ჩართულია.

„ამასთან დაახლოებული ხარისხის პროდუქტიც არასდროს ყოფილა ჩვენს ჯარში. მაგალითად, ბოლო წლებია, გამაგრილებელი სასმელი ჯარში შედის პეპსი-კოლა, შედის ქართული გაუყინავი ხორცი, რძის პროდუქტების ისეთი მომწოდებლის ყველი, რომელიც ასევე აწვდიდა ყველაზე ძვირფას (მე არ მინდა ბრენდები დავასახელო), სუპერმარკეტს საქართველოში“, — განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დასძინა, რომ ჯარში არავინაა უკმაყოფილო კვებით.

მისივე თქმით, ქართულ ჯარში შემოდინება არის უმაღლეს ნიშნულზე.

„ეს არის კონკრეტული პასუხი იმ დისკრედიტაციაზე, რასაც ეწევიან ჩვენი ოპოზიციური არხები. ამის წინააღმდეგ არის ეს კამპანია დაგეგმილი. ჩვენ ამას არ მოვითმენთ და ყოველთვის ვეცდებით, ვამხილოთ ადამიანები, რომლებიც ეწევიან სახელმწიფოს დისკრედიტაციას. ეს იყო სულ, რაც ამ საკითხზე უნდა მეთქვა“, — განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ყოფილი თანამშრომლების დავა დაკავშირებულია რეორგანიზაციის პროცესთან, რომლის ფარგლებშიც ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

„მათ რომ დამადასტურებელი ინფორმაცია ჰქონდეთ, არ ექნებოდა წარმოდგენილი სასამართლოში და ოპოზიციური არხები ამას არ გამოფენდნენ? იქ მოსარჩელე ამბობს, რომ სასამართლომ ჩვენ დაგვავალა კომპენსაციის გაცემა და თანამდებობაზე აღდგენა. ეს არის ტყუილი“, — დასძინა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

2 ნოემბერს „ტვ პირველმა“ „მელაძის შაბათის“ ეთერში გამოაქვეყნა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის თეა კუჭუხიძის სასამართლოზე მიცემული ჩვენებიდან ამონარიდები და უვარგისი საკვები პროდუქტების ფოტოები, რომლის თანახმადაც, ქართული ჯარის სასადილოებში უვარგისი ხორცი, ვადაგასული ძეხვეული და მატლებდასეული თევზი მოხვედრილა.

თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი დალი ჭელიძე კი „ტვ პირველს“ ეუბნება, რომ წუნდებული აქტი „დელტა ტექსტილში“ შეკერილი ტანსაცმლისა და თეთრეულის გამო შეადგინა.

„რეორგანიზაციით გამათავისუფლეს. ხარისხის კონტროლში ვიყავი მთავარი სპეციალისტი და დავწერე, მე დავიწუნე [პროდუქცია] და მე ხომ აღარ მივიღებდი პროდუქციას? ჩემი ვარაუდით, ამიტომ გამიშვეს“, — აცხადებს ჭელიძე.

დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჯარში კვების უზრუნველყოფის ნორმების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით თავდაცვის მინისტრს წერილობით მიმართა.

„ვნახოთ, ამაზე მაინც თუ მიპასუხებს. შემდეგი ეტაპი კომიტეტზე დაბარება იქნება“, — აცხადებს აქუბარდია.

რაც შეეხება საკითხის დაყენებას ნდობის ჯგუფის ფორმატში, სადაც ოპოზიციიდან ერთადერთი დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობიდან“, თემურ ჯანაშია აცხადებს, რომ ის უმცირესობაშია და მინისტრის დაბარებას ვერ შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი