მუხლი, რომელიც ბახტაძემ შესაძლოა დაარღვია სხვისი ფულის შეწირვით, ამნისტირებულია – აუდიტი

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ მუხლი, რომელიც მამუკა ბახტაძემ შესაძლოა დაარღვია სხვისი თანხის ენმ-სთვის შეწირვით, ამნისტირებულია და მას ჯარიმა არ დაეკისრება:

“ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ 2012 წლის 19 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირები განთავისუფლებული არიან ადმინისტრაციული სახდელისაგან, რომელთაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ, ან შეიძლება დაეკისროთ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე განხორციელებული ქმედებისათვის” – უთხრეს “ნეტგაზეთს” სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ 19 ივნისს ენმ-ის დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საკუთრი თანხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” არასოდეს შეუწირავს. რაც შეეხება 2012 წლის აგვისტოში ენმ-სთვის მისი სახელით შეწირულ 20 000 ლარს, ბახტაძე ამბობს, რომ მისი ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იქნა გამოყენებული:

“თქვენ თუ გაინტერესებთ ის, რამდენად გადავრიცხე ჩემი თანხა ენმ-ის მხარდასაჭერად, მე ამაზე მაქვს მარტივი პასუხი – არა, მე ჩემი თანხა არასოდეს არ გადამირიცხავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”. თქვენ 2012 წელს- იმიტომ, რომ არ ჰქონოდა საშუალება “ქართულ ოცნებას” დაეფინანსებინა პარტია ადეკვატურად -შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ.

აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად. მე 2011 წლიდან ვიყავი და ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით “ქართულ ოცნებაში” და 2012 წლის 1 ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან” – თქვა პრემიერობის კანდიდატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებთან შეხვედრაზე.

ბახტაძის თქმით, მასზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.

მამუკა ბახტაძემ 2012 წლის 2 აგვისტოს, ანუ ორი თვით ადრე, სანამ თავისივე სიტყვებით, ნაცმოძრაობის წაგებას იზეიმებდა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 20 000 ლარი შესწირა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად Ifact.ge-მ გაავრცელა.

რეესტრის მიხედვით, ამ პერიოდში ბახტაძე “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” დირექტორი იყო, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი “საქართველოს ინდუსტიული ჯგუფია”.  ინდუსტრიული ჯგუფი კორპორაციას იმ პერიოდშიც ფლობდა, როდესაც მამუკა ბახტაძე მისი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ის კომპანიაა, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტს მართავს.   ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია.

დავით ბეჟუაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტში (2012 წელს) თეთრიწყაროს მაჟორიტარი იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. ბეჟუაშვილი საქართველოს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

2013 წლის ნოემბერში დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა და  “უპარტიო დამოუკიდებელ მაჟორიტართა” ფრაქციას შეუერთდა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელიდირექტორია- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავრობაში.), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში – ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი – ჯამბულ ჯაყელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.