ახალი ამბები

16 წელი იმუშავეთ იმ უწყებაში, რომლის შემოწმებაც მოგიწევთ, ინტერესთა კონფლიქტია – რაქვიაშვილი ყავლაშვილს

19 სექტემბერი, 2022 • 745
16 წელი იმუშავეთ იმ უწყებაში, რომლის შემოწმებაც მოგიწევთ, ინტერესთა კონფლიქტია – რაქვიაშვილი ყავლაშვილს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორობის კანდიდატს, ცოტნე ყავლაშვილს მხარი დაუჭირა.

ყავლაშვილს, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოქმედი მოადგილეა და აღნიშნულ უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, დღეს, 19 სექტემბერს, კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს კითხვები ჰქონდათ ყავლაშვილის დამოუკიდებლობასა და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით.

კერძოდ, „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, გენერალურ აუდიტორად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელიც წლები მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, ინტერესთა კონფლიქტის რისკს ქმნის. ამიტომ მან ყავლაშვილის ჰკითხა, როგორ აპირებს ამ რისკების დაზღვევას.

„16 წელი იმუშავეთ იმ უწყებაში, რომელიც უნდა შეამოწმოთ და მოგიწევთ პირიქით სხვა როლში იყოთ. ძალიან ბუნებრივი ეჭვი ჩნდება, რომ თქვენ ამას ვერ შეძლებთ, უბრალოდ, იმიტომ, რომ თუ ეს ხალხი კარგად მუშაობდა, პროფესიონალები იყვნენ, ამდენი ხანი მათთან გაატარეთ, მადლობები უხადეთ, ახლა წარმოიდგინეთ, რომ ხართ ინსტიტუციის მმართველი, რომელიც ამ ხალხს ამოწმებს.

რას მოიმოქმედებთ, რომ გარე დამკვირვებლისთვის ეს რისკი იყოს დაზღვეული? იმიტომ, რომ ეს რისკი ყოველთვის იარსებებს. თქვენმა მეგობარმა, რომელთანაც წლების განმავლობაში იმუშავეთ, თქვენი ქმედებებით შესაძლოა სამსახური დაკარგოს, თქვენ მოგიწიოთ მისი კრიტიკა და ა.შ.

ჩვეულებრივი ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება შეიქმნას. ეს რომ არ ყოფილიყო, ცხადია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გარედან უნდა მოგვეყვანა ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ უმუშავია სახელმწიფო სტრუქტურებში. ჩვენ პირიქით მოვიქეცით. რაიმე გეგმა ხომ არ გაქვთ, თუ როგორ უნდა დააზღვიოთ ეს?“, – ჰკითხა რაქვიაშვილმა ცოტნე ყავლაშვილს.

რაქვიაშვილს ყავლაშვილმა უპასუხა, რომ პრაგმატული და შინაარსზე გათვლილი გადაწყვეტილებებით მოქმედებს.

„მე ფინანსთა სამინისტროში ბევრი კოლეგა მყავს, ბევრი პატივსაცემი ადამიანი. ძალიან დიდი დრო მაქვს მე ფინანსთა სამინისტროში გატარებული, თუმცა, თუ მოიკითხავთ ჩემს მოღვაწეობას სხვადასხვა თანამდებობაზე, ნახავთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებები არ ყოფილა მეგობრობასა და ემოციებზე დამყარებული. ეს იყო პრაგმატული და შინაარსზე გათვლილ გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ასევე ვაპირებ ვიმუშაო სახელმწიფო აუდიტის სამსახურშიც“, – განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.


ცოტნე ყავლაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი