ახალი ამბები

21 ივნისს სინოდის კრება გაიმართება

18 ივნისი, 2018 • 1578
21 ივნისს სინოდის კრება გაიმართება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო 21 ივნისს სინოდის მორიგ კრებას გამართავს. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, გინიხილავენ თუ არა სინოდის წევრები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მხარდაჭერის საკითხს, თუმცა საპატრიარქოს პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ წინასწარ ცნობილი არაა სინოდის კრების დღის წესრიგი.

5 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ეწვია რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი უკრაინის ეკლესიის საქმეებზე სასაუბროდ.

“დღეს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად. სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა”, – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ მაშინ გავრცელებულ განცხადებაში. საპატრიარქოს ცნობით, უახლოეს პერიოდში ამავე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა.

ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში საქართველოში  ჩამოვიდა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი. მას ევალება, ერთი მხრივ,  რუსულენოვანი მართლმადიდებლების მსახურება, მეორე მხრივ კი, რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციის გამხმოვანებელიც იქნება. ამ თანამდებობაზე რუსეთის საპატრიარქოს სინოდმა დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი დანიშნა.

უკრაინული გამოცემის, “უნიანის” ცნობით, უკრაინის პრეიდენტი პორშენკო იმედოვნებს, რომ 2018 წლის ივლისისთვის კიევის ეკლესია ავტოკეფალიას მოიპოვებს. 2018 წლის 28 ივლისს კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლისთავს ზეიმობენ.

უკრაინისა და რუსეთის ეკლესიები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიყო. როდესაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, კიევის საპატრიარქო პატრიარქ ფილარეტის მეთაურობით დე ფაქტო დამოუკიდებლად არსებობს, თუმცა მას ოფიციალურად არ ცნობს არც გავლენიანი რუსეთის საპატრიარქო და არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი