ახალი ამბები

საეჭვო დეტალები შსს-ს მიერ რუსთაველზე დაკავებულ ინტერპოლით ძებნილზე

12 ივნისი, 2018 • 5503
საეჭვო დეტალები შსს-ს მიერ რუსთაველზე დაკავებულ ინტერპოლით ძებნილზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ რუსთაველის გამზირზე წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს, რამდენიმე კითხვა გააჩინა? – ვინ არის ეს ადამიანი და რა კავშირი ჰქონდა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციებთან?

როგორც ცნობილია, 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე შსს-მ არაერთი პირი დააკავა, მათ შორის პოლიტიკოსებიც. აქციის დროს დაკავებულ პირებზე საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა შემდეგი:

ასევე, გაცნობებთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი. აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უერთდებოდა. პიროვნების იდენტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი – დანა აღმოაჩნდა”.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს ჯერჯერობით დამატებით ინფორმაციას არ გასცემს განსხვავებით სხვა შემთხვევებისაგან, როდესაც პირს წითელი ცირკულარით აკავებენ. ამ შემთხვევაშია საინტერესოა, რომელი ქვეყანა ეძებს ზემოხსენებულ პირის, რომელი წლიდან, როდის შემოვიდა საქართველოში და ა.შ.

გაზეთმა “პრაიმტაიმმა” გუშინ გაავრცელა სტატია სახელწოდებით: რა კავშირი აქვს რუსთაველზე დაკავებულ საერთაშორისო ძებნილს მალხაზ მაჩალიკაშვილთან?

გაზეთი წყაროს არ ასახელებს, თუმცა წერს, რომ დაკავებულია 36 წლის ბესლან ლორსანოვი, რომელიც ეთნიკური ჩეჩენია და “გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გარემოცვასთან ერთად იმყოფებოდა”.

ის, რომ გუშინ შსს-ს მიერ დაკავებულ ყაზახეთის მოქალაქეს ბესლან ლორსანოვი ჰქვია, ნეტგაზეთისთვისაც არის ცნობილი თავისი წყაროდან, თუმცა აქ საინტერესოა ერთი დეტალი: მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მას  არანაირი შეხება არ აქვს და მის შესახებ არც სმენია. მეტიც, მაჩალიკაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს, მისი გარემოცვის არც ერთი პირი (საუბარია პანკისელებზე) არ დაუკავებიათ.

“ჩეჩენი არავინ აუყვანიათ, რომ დაეკავებინათ, მე მეცოდინებოდა”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი და შსს-ს განცხადებას, რომელმაც აქციას დაუკავშირა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, პროვოკაციას უწოდებს.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: წითელი ცირკულარით ძებნილი 1982 წელს დაბადებული ყაზახეთის მოქალაქე ბესლან ლორსანოვი შსს-მ 2013 წლის მარტში დააკავა და ამის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელა საკუთარ ვებგვერდზე. ეჭვს, რომ შსს-ს მიერ  2013 წელსა და გუშინ დაკავებული ადამიანი შესაძლოა ერთი და იგივე პირი იყოს, რამდენიმე გარემოება აძლიერებს:

ასაკი – შსს-ს მიერ 2013 წელს გავრცელებული ცნობით, ბესლან ლორსანოვი 1982 წელსაა დაბაბდებული ანუ 36 წლისაა. პრაიმტაიმის სტატიით, გუშინ დაკავებული პირიც 36 წლისაა.

დანაშაული – შსს-ს მიერ 2013 წელს გავრცელებული ცნობით, მაშინ დაკავებული ბესლან ლორსანოვი ყაჩაღობისა და მკვლელობის ბრალდებით იყო ძებნილი. გუშინ გამართულ ბრიფინგზე შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსთაველზე დაკავებული ყაზახეთის მოქალაქე მკვლელობისა და ყაჩაღობისთვისაა ძებნილი.

ფოტო –

 

თუ პრაიმტაიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო სწორია, გამოდის, რომ შსს-მ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი შესაძლოა ორჯერ დააკავა: ერთხელ 2013 წელს და მეორედ 2018 წლის ივნისში და ბოლოს მაჩალიკაშვილი/სარალიძის აქციებს დაუკავშირა, როდესაც განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი დემონსტრაციისთვის შეერთებას აპირებდა. შსს-ში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, იყო თუ არა რუსთაველზე გუშინ დაკავებული პირი 2013 წელსაც დაპატიმრებული.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, გუშინ დაკავებულ პირთან სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც აპირებენ შეხვედრას და ამის შემდეგ სავარაუდოდ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

ინტერპოლის ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალებით პირი სახელწოდებით ბესლან ლორსანოვი ამჟამად წითელი ცირკულარით არ იძებნება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი