რუსთაველზე მოძრაობა აღდგა – პოლიციამ კარვები გზიდან გადაიტანა [ვიდეო]

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის წევრების კარვები პოლიციამ რუსთაველის გამზირის სავალი გზიდან ტროტუარზე გადაიტანა. კარვები საავტომობილო გზაზე გუშინ ღამიდან დგას.

როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი ადგილიდან იუწყება, პოლიცია აქციის წევრებს თავიდან შეუთანხმდა, რომ კარვებს შეთანხმების გარეშე არ გადაიტანდა. თუმცა ამ განცხადებიდან ცოტა ხანში სამართალდამცველებმა სავალი გზა კარვებისგან გაათავისუფლეს. აქციის წევრების თქმით,პოლიციამ დანაპირები არ შეასრულა.

ამ დროისთვის აქციაზე არ იმყოფება ზაზა სარალიძე. თუმცა  აქციის წევრები პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ. აქცია დღეს, 14:00 საათიდან განახლდება.

რუსთაველზე პოლიცია კარვების ტროტუარზე გადატანას ცდილობს.

Posted by netgazeti.ge on Monday, June 11, 2018

აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. საღამოს, ზაზა სარალიძის თხოვნით, დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ, ტროტუარზე გაშლილი კარვები გზის სავალ ნაწილზე განათავსეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდა.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას განაგრძობენ, სანამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან