ახალი ამბები

აქციის მონაწილეებმა კარვები რუსთაველის გამზირზე გადაიტანეს

10 ივნისი, 2018 • 2374
აქციის მონაწილეებმა კარვები რუსთაველის გამზირზე გადაიტანეს

სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა კარვები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირზე, სავალ გზაზე  გადაიტანეს.

აქციიც მონაწილეებს ზაზა სარალიძემ მოუწოდა კარვები გამზირზე გადაეტანათ და  განაცხადა, რომ ამ კარავში იქნებიან მანამ, სანამ არ მიაღწევენ მიზნებს.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დღეს შეწყვეტილი იყო.

აქცია “ნუ მომკლავ”. 10 ივნისი, 2018. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწოვნის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის შვილიც პანკისში სპეოპერაციის დროს საკუთარ სახლში მოკლეს, აქციას მართავენ.

აქცია 10 ივნისს, 17.00 საათზე დაიწყო და გრძელდება. სარალიძემ შსს მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. მაჩალიკაშვილი კი სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის პირველი პირების და სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს.

აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილიც შეუერთდნენ.  მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი