მეტრო, ბურგერი და ფეისბუქ ლაივი – ღიაობის მცდელობა სომხეთის ახალი მთავრობისგან

რევოლუციური ეიფორიიდან გამოსვლის შემდეგ, როცა ერევანიც, გიუმრიც და აპრილის თვეში “აჯანყებული” სხვა ქალაქებიც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ, ახალი მთავრობა საზოგადოებასთან ადაპტირების პროცესშია, თავად საზოგადოება კი ახალ მინისტრებს ეცნობა და მათ პირვანდელ გზავნილებს აფასებს.

სომხეთის ახალი მთავრობა მუშაობას რამდენიმე კვირის წინ შეუდგა. მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რევოლუციის 1 თვისთავზე, 21 მაისს წარადგინა და მის უმთავრეს მიზნად სომხეთის ნაციონალური მიზნების აღსრულება დაასახელა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები კაბინეტებში ახლახან გადანაწილდნენ, მათმა ნაწილმა მოსახლეობის ყურადღების მიპყრობა უკვე შეძლო, რაც ბუნებრივიცაა. სომხები ახლა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ იმას, რასაც იქამდე მოკლებულნი იყვნენ:

სოციალურ ქსელში მეტად პოპულარულია ფოტო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მგზავრობს მეტროთი განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნული მინისტრი. მასთან ერთად კი სოციალური ქსელის მომხმარებლების განსაკუთრებული მოწონება ვიცეპრემიერის ფოტოებმაც გამოიწვია, რომელთაგან ერთში ის ბანკომატის რიგში დგას, მეორეში კი – ერთ-ერთ რესტორანში ჰამბურგერის მენიუს ელის.

გამჭვირვალობისა და ღიაობის ხაზგასასმელად ახალი მთავრობა თანამედროვე ტექნოლოგიებსაც აქტიურად მიმართავს. მინისტრებმა ოფიციალურ განცხადებებსა თუ წინასწარ ჩანიშნულ, მონოტონურ ბრიფინგებს საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის გაცილებით მოსახერხებელი გზა არჩიეს და ახლა აღარავის უკვირს, თუ რომელიმე მათგანი საკუთარ სამოქმედო გეგმასა თუ ახალ კადრებს ფეისბუქ ლაივის მეშვეობით წარადგენს.

აღნიშნულზე ყურადღებას “ნეტგაზეთთან” საუბრისას მედიაექსპერტი არმენ სარგსიანიც ამახვილებს, რომელიც ათწლეულებია, სომხეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას აშუქებს. მან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკკასიის რეგიონულ ბიუროში სხვა სპიკერებთან ერთად სომხეთის ხავერდოვან რევოლუციასა და ახალი გუნდის გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი მთავრობა თანამედროვე  პლატფორმებს საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად იყენებს.

“გამჭვირვალობა სომხეთში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ყველა ახალი მინისტრი, მათ შორის პრემიერი და ვიცეპრემიერები, გამჭვირვალობისთვის იყენებენ ახალ მედიაპლატფორმებს, ვგულისხმობ სოციალურ მედიას. როცა პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი თავის ახალ სახლში შევიდა, მან ჩართო კამერა და ეს ახალი სახლი [საზოგადოებას] აჩვენა.  თან საუბრობდა: “ეს საუნაა, რომელსაც სერჟ სარგსიანი იყენებდა; ეს სავარძელია, რომელშიც ის ჯდებოდა, ცოტაოდენი შოკოლადიც ყოფილა…”
ეს გამჭვირვალობის გარკვეული მაგალითია: როგორც ვცხოვრობთ და როგორც ვაჩვენებთ ამას”.

არმენ სარგსიანის თქმით, მთავრობის წევრები ონლაინ მედიას მიმართავენ ისეთი საკითხების განსახილველადაც, რომლებზეც მანამდე საჯარო სივრცეში საერთოდაც არ საუბრობდნენ. მაგალითად, კორუფციასა და თანხებზე, რომლებიც წინა მთავრობის დროს ბიუჯეტიდან გაქრა. თუმცა, მედიაექსპერტის განცხადებით, ყოველივე ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს.

“მათი ოფიციალური ვებგვერდები ცარიელია. მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ამბობს: მე წარვადგენ ამ ადამიანს პოლიციის ახალ უფროსად. ეს მისი ონლაინ გვერდია. ეს განცხადება აქ რჩება და ოფიციალურ გვერდზე არ გადადის. ახალი მედია ძალიან სწრაფია და ისინი ამას იყენებენ. თითქმის ყოველდღე ვიგებთ ახალ ამბებს მინისტრებისგან”.

თუმცა, პოსტრევოლუციურ სომხეთს წინ კიდევ გრძელი გზა აქვს, რომელზე მიმავალ ახალ გუნდს საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი აქვს შესათავაზებელი, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ან ფეისბუქის პირდაპირ ეთერში მოყოლილი ამბები.

ერევნის უნივერსიტეტის პროფესორი ანუშ სედრაკიანი ხელისუფლების ცვლილების პროცესში თავადაც მონაწილეობდა. რევოლუციის შემდეგ, რომელშიც უამრავი, სხვადასხვა ინტერესების მქონე ჯგუფი აქტიურობდა, მიიჩნევს, რომ აღნიშნულ გზაზე გამჭვირვალობა მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელზეც სახელმწიფოს მუშაობა მართებს, თუმცა ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია:

“პლურალიზმი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მხოლოდ პლურალიზმის, კრიტიკის, პირობებში შეიძლება ჩამოყალიბდეს მდგრადი, ღია და მშრომელი მთავრობა. ვაკვირდები, რომ ხალხს სურს, დაუჭიროს მხარი [ამ] მთავრობას, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი რევოლუციის შემდეგ მოვიდნენ. ეს არასწორია. მათ მხარი უნდა დაუჭირონ მთავრობას მისი ღირებულებებისა და ქმედებებიდან გამომდინარე. არა იმიტომ, რომ ვინმე ვინმეს მეგობარია და ა.შ. ეს ძალიან საზიანო არჩევანია, რომელსაც მთავრობა არ უნდა დაეყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე სომხეთის ყველაზე ღია და დემოკრატიული მთავრობაც კი ჩამოიშლება”.

ანუშ სედრაკიანმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში გამართულ საჯარო დისკუსიაზეც აღნიშნა, რომ ურჩევნია, რისკებზე წინასწარ ისაუბროს და სახელმწიფოს მათი არსებობა შეახსენოს. ამ შემთხვევაშიც მიაჩნია, რომ ფაშინიანის მთავრობამ გაცილებით ფუნდამენტურად უნდა იმუშაოს, რათა მისი მცდელობიდან, იყოს ღია და გამჭვირვალე, საზოგადოებას მხოლოდ პოპულიზმი არ დარჩეს ხელთ.

“პოპულიზმი დღეს გლობალურ მასშტაბებს სწვდება. დაწყებული აშშ-დან დამთავრებული ბრექსიტით. ამ შემთხვევაში მთავარია, პოპულიზმის პარალელურად ძლიერი ინსტიტუციები არსებობდეს. როცა ეს ასე არ არის, პოპულიზმი ძალიან მარტივად შეიძლება გადაიზარდოს ტირანიასა და ავტორიტარიზმში. ამიტომ უმთავრესია ინსტიტუციური დემოკრატიის შენება”, – აღნიშნავს ის.

ახალ გუნდს წინა ხელისუფლებისას ვერაღმოფხვრილ პრობლემებს უკვე ახსენებენ. მედიაექსპერტ არმენ სარგსიანის თქმით, პროცესში ერთ-ერთ მთავარ როლს კვლავ თანამედროვე, ონლაინ-მედია ასრულებს, რომელსაც რევოლუციის წარმატებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის:

“ონლაინ-მედიებმა დაიწყეს შეხსენება ახალი მთავრობისათვის თავიანთი [ჟურნალისტური] გამოძიებებისა. ყველაზე ცნობილმა საგამოძიებო პორტალმა დაიწყო მთავრობისათვის ხუთი, ოთხი, სამი წლის წინანდელი გამოძებების შეხსენება. მათ დაიწყეს ამ მასალების გაზიარება და ეუბნებიან მთავრობას: თქვენ ამა და ამ სტატიაზე ყურადღება უნდა გაამახვილოთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მანამდე, წლების განმავლობაში ისინი მუშაობდნენ გამოძიებებზე, რომელთაც ყურადღებას არავინ აქცევდა”.

სომხეთის მინისტრთა კაბინეტი 20 წევრისაგან შედგება. ერთ-ერთი პირველ ტენდენცია, რასაც მთავრობის შემადგენლობის გადახედვისას შეამჩევთ, მთავრობის გაახალგაზრდავებაა. ნიკოლ ფაშინიანის გუნდში არაერთი მოხვდა პირდაპირ სამოქალაქო აქტივიზმის სივრციდან, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გრძელვადიან მიზნებთან ერთად, ახალ გუნდს უკვე აქვს დიდი ამოცანა, რომლის შესასრულებლადაც არც ისე დიდი დრო დარჩა: დააბრუნოს სომხეთის მოსახლეობაში რწმენა საარჩევნო სისტემისადმი, რათა უახლოეს მომავალში დაგეგმილ არჩევნებზე პოზიციები საკანონმდებლო ორგანოშიც გაიძლიეროს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან