ახალი ამბები

რაზე ესაუბრა პრემიერი სარალიძესა და მაჩალიკაშვილს 4 ივნისის შეხვედრაზე – მთავრობის ვერსია

4 ივნისი, 2018 • 2423
რაზე ესაუბრა პრემიერი სარალიძესა და მაჩალიკაშვილს 4 ივნისის შეხვედრაზე – მთავრობის ვერსია

დღეს, 4 ივნისს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო,

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას 10 ივნისამდე მისცა ვადა იმისათვის, რომ დაისაჯონ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირები და ისინი, ვინც ხელს უშლიან გამოძიების სწორად წარმართვას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თამთა მიქელაძემ,  EMC-ის წარმომადგენელმა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველმა განაცხადა, რომ პრემიერი მაჩალიკაშვილს დაჰპირდა, რომ გაენობა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში პრობლემურ საკითხებს და მთავრობის პოლიტიკა პანკისის ხეობაში უფრო ჰუმანური გახდება და გაჩენილ უნდობლობას მოაგვარებს.

მაჩალიკაშვილთან შეხვედრა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საკუთარ მოქალაქეებთან კომუნიკაციაზე უარი არასოდეს უთქვამს.

„მე არ მინდა, გქონდეთ შეგრძნება, რომ თქვენ სახელმწიფომ გაგრიყათ და უარს ამბობს კომუნიკაციაზე. პირადად თქვენგან არ ყოფილა ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა, თორემ ეს შეხვედრა აქამდეც შედგებოდა, ამ აქციების გარეშე. მინდა, თქვენ, თქვენს ოჯახს და მთლიანად პანკისელებს კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოგიცხადოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა მოისმინა ის კითხვები, რომლებიც მაჩალიკაშვილების ოჯახს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აწუხებს. გიორგი კვირიკაშვილი ასევე გაეცნო ოჯახის ადვოკატების მოსაზრებებს გამოძიების პროცესსა და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მათი მიერ ნახსენები საკითხებით დაინტერესდება და მაქსიმალურად შეეცდება, ამ საქმეზე უსამართლობის განცდა არ არსებობდეს.

შეხვედრაზე მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატებისთვის საქმის მეტი დეტალის გაცნობის შესაძლებლობაც განიხილეს.

[red_box]ზაზა სარალიძესთან შეხვედრა[/red_box]

„სამწუხაროდ, აქამდე არ მომეცა საშუალება, მშვიდ ვითარებაში შეგხვედროდით. კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ. ღმერთის წინაშე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და ეს ჩემთვის ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თქვენი ოჯახების უბედურებას უყურებს“, – განაცხადა შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ის კითხვები, რომლებიც სარალიძეების ოჯახს მათი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქვს და აღნიშნა, რომ ამ თემაზე გარკვეული ინფორმაცია პირველ ივნისს, სახალხო დამცველთან შეხვედრისასაც მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ სარალიძეების ოჯახი სახალხო დამცველის მეშვეობით საქმის მასალებს გაეცნობა. ანალოგიური შეთანხმება შედგა დადუნაშვილების ოჯახთან შსს-ში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას ასევე შეთანხმდნენ კონკრეტულ ფორმატზე, რომელიც ზაზა სარალიძეს გამოძიების მიმდინარეობისას ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი