ახალი ამბები

ბოკერია: მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შეძლებს, განმუხტოს ვითარება

1 ივნისი, 2018 • 3185
ბოკერია: მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შეძლებს, განმუხტოს ვითარება

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციის შესახებ აცხადებს, რომ პროცესის განმუხტვის ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

“ამ ტრაგედიის ეფექტური გამოძიებისთვის ფუნდამენტური საკითხია, რომ ახალი პროკურორი იყოს ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე ფიგურა. მნიშვნელოვანია ასევე ოპოზიციური კონტროლის ქვეშ მყოფი საპარლამენტო კომისია, მაგრამ განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელი საქციელის ფონზე, ეს ნაბიჯებიც კი ვერ განმუხტავს ბოლომდე პოლიტიკურ კრიზისს და ლოგიკურია ის მოთხოვნა, რომელიც გაისმა აქციაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. მხოლოდ ეს შეძლებს განმუხტოს ვითარება. ხელისუფლება ღრმად ცდება, თუკი ელოდება ამ პროტესტის ნელ-ნელა ჩაცხრობას. ეს დიდი შეცდომაა მათი მხრიდან,’’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი კომენტარი პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.



თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. გარდა ამისა, აქციის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი