გეი მერი, რომელიც პოლონეთის პოლიტიკაში გარდატეხას ახდენს

რობერტ ბიედრონი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ამომავალი პოლიტიკური ვარსკვლავია. ბედრონი ათეისტი და ღიად გეი პოლიტიკოსია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კათოლიკურ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, მისი კანდიდატურა ფართოდ განიხილება პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე.  მის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.

“მეოცნებე ვარ. პოლონეთის ძალიან ტრადიციულ და კონსერვატულ ნაწილში დავიბადე. გეი და ათეისტი ვარ, ეს ჩემთვის ადვილი არ იყო” – ამბობს BBC-სთან საუბრისას სლუფსკის მერი. ის პოლონეთში ახალი პროგრესიული პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერია.

ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდერ კვაშნევსკიმ მოუწოდა ბიედრონს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. BBC-ის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამოკითხვებში სლუფსკის მერი მესამე ადგილს იკავებს ანჟეი დუდასა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის შემდეგ.

რობერტ ბიედრონმა პოლიტიკური კარიერა როგორც მემარცხენე გეი აქტივისტმა დაიწყო, 2011 წელს, 42 წლის ასაკში პოლონეთის პირველი ღიად გეი პარლამენტარი გახდა. 2014-ში კი ქალაქის მერად აირჩიეს.

“როგორც პარლამენტის წევრს, ქუჩაში ხუთჯერ დამესხნენ თავს. ახლა მესალმებიან და მიღიმიან. ადრე ალბათ მომაფურთხებდნენ და შეუარცხყოფას მომაყენებდნენ, დღეს კი მეუბნებიან – დილა მშვიდობის, ბატონო მერო – ეს ცვლილების ნიშანია”, – ამბობს ის.

BBC წერს, რომ პოლონელების დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ იცვლება, თუმცა ერთი და იმავე სქესიან პირთა ქორწინება პოლონეთში კვლავ აკრძალულია.

“ჰეტეროსექსუალი წყვილების მშურს. მე და ჩემი პარტნიორი 15 წელია ერთად ვართ, თუმცა ქორწინება კვლავ ოცნებად რჩება. უსამართლობაა, 2018 წელს ორ ზრდასრულ ადამიანს, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, დაქორწინება რომ არ შეუძლიათ” – ამბობს ბიედრონი.

ამჟამად პოლონეთს კონსერვატული პარტია მართავს, რომელიც 2015 წელს აირჩიეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბიედრონს გაუჭირდება საკუთარი პოპულარობის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელება.

ექსპერტები ბიბისისთან საუბარში ამბობენ, რომ პოლონეთისთვის ადრეა, ღიად გეი პოლიტიკოსი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდეს:

“ჩვენ კონსერვატორული საზოგადოება ვართ, ხალხი არაა მზად ასეთი ადამიანი მიიღოს პრეზიდენტად ან პერმიერ-მინისტრად” – უთხრა BBC-ს რენატა კიმმა, რომელიც Newsweek -ის პოლონური გამოცემის ჟურნალისტია.  

მიუხედავად ამისა, სტატიის მიხედვით, ბიედრონმა ამ მიმართულებით გარდატეხა მოახდინა:

“მე მახსოვს, როგორ ესაუბრებოდა ის ახალგაზრდებს მუსიკალურ ფესტივალზე, ნამდვილი გმირი იყო, ვარსკლავი. მას გულისყურით უსმენდნენ და ეს ჩემთვის ნიშანი იყო, რომ პოლონეთისთვის ჰომოსექსუალობა ნორმალურ მოვლენად იქცა” – ამბობს კიმი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.