წიქარიშვილი: მინისტრის ბოდიში არის ჰიპოთეტური ბოდიში

თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 15 მაისს გამართული მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ ამბობს, რომ გიორგი გახარიას ბოდიში ჰიპოთეტური იყო, რადგან მინისტრის ბოდიში არის მოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შსს-ს დაუმტკიცებენ, რომ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმმა ადამიანის უფლებები დაარღვია.

“რომ გითხრათ, რომ ეს ადამიანიები აღიარებენ, რომ მათ დაარღვიეს იქ ადამიანების უფლებები, ეს ასე არ არის. თუმცა, გვეუბნებიან, რომ თუ ამას დავამტკიცებთ სასამართლოს მეშვეობით…  ეს ერთ რაღაცას ნიშნავს მხოლოდ, რომ ეს ბოდიში მხოლოდ ჰიპოთეტური ბოდიში არის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავუმტკიცებთ, რომ მათ დარღვევები ჩაიდინეს. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ისინი აიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავუმტკიცებთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული კადრები და ამ ყველაფერს დავაორგანიზებთ, უკვე დაწყებული გვაქვს ეს სამუშაო,”- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მანვე განაცხადა, რომ კლუბებში სპეცრაზმის შესვლის აუცილებლობა არ არსებობდა და შსს-ს არგუმენტაცია მათთვის მისაღები არ არის. მისივე თქმით, იგი დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი არ არის და უკვე ნარკოპოლიტიკის საკითხზე შეხვედრის გამართვას ელოდება:

“მე ველოდები ნარკოპოლიტიკის საკითხზე შეხვედრას, ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია. რომ გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ შეხვედრით, ეს ასე არ არის, ნარკოპოლიტიკის ნაწილს – შეხედავთ. ჩვენ მოვითხოვეთ ჯანდაცვის მინისტრის ჩართვაც ამ საკითხში იმიტომ, რომ უფრო მეტი კითხვა ჯანდაცის მინისტრთან გვაქვს, მისი ლეგიტიმაცია უნდა გახდეს ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში და არა შინაგან საქმეთა სამინისტროსი,”- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი