გიორგი გახარია აქციის მონაწილეებს ბოდიშს უხდის

შინაგან საქმეთა მინისტრი ამ წუთებში( 00:18) რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართვა ბოდიშის მოხდით დაიწყო, მან განაცხადა,რომ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სამინისტროს სახელით უხდის ყველას ბოდიშს, თუ მათ უსაფრთხოებას საფრხე შეუქმნეს. გახარია გულისხმობდა პარასკევის ღამეს, როდესაც კლუბებში, “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაცია ჩატარდა.

გახარიამ ბოდიში მას შემდეგ მოიხადა, რაც სიტყვით გამოსვლის წინ აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ- “ბოდიში, ბოდიში”.

“მოდით, მაშინ დავიწყოთ ბოდიშით. ბოდიში, თუმცა მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ, თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა”.

გახარიამ ასევე მოუწოდა აქციის მონაწილეებს, ბოდიში მოეხადათ იმ ფორმიანებისთვის (პოლიციელებისთვის), რომლებიც სხვა ადამიანების უსაფრთხოებას იცავდნენ. გახარიას ამ მოწოდებას უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.

მინისტრის თქმით, ამოცანაა, რომ 14 მაისის ღამე მშვიდობიანად დასრულდეს. მისივე თქმით, აქციების დაწყებიდან პროტესტანტების გამოხატვის თავისუფლება არ შეუზღუდავთ და პოლიციელები მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა:

“ახლა იმისთვის, რომ ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომლებიც ჩვენს წინაშეა, მაგრამ უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში, ამიტომ გპირდებით, რომ ხვალ, დილის 10:00 საათზე, თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც თქვენ აირჩევთ, მე დეტალურად განვიხილავ პარასკევი დღის თითოეულ წუთს. ყველა ის ადამიანი, რომელზეც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ უფლება დაირღვა, იქნება უფლება აღდგენილი”,- განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ კონკრეტულ შედეგს მიაღწევენ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. შს მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დაპირებები არ შესრულდება, “ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში შევიკრიბოთ, ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას”.

სიტყვით გამოსვლამდე გიორგი გახარია პარლამენტის შენობაში ბექა წიქარიშვილს, სოფო ვერძეულს, ვახუშტი მენაბდეს და ნაჯა ორაშვილს შეხვდა.

გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ მივიდა, რაც აქციას “ჩვენი თავისუფლებისთვის” ნაციონალისტური ჯგუფები კონტრაქციით დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის ტექნიკა.

საპროტესტო აქცია თბილისში 12 მაისს კლუბ “ბასიანში” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა.

მოვლენათა ქრონოლოგია


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან გვიან ღამემდე პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია-კონცერტი სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა;
  • ნარკორეალიზაციაში ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და შესაბამისად, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ერთი-ერთი ადვოკატის თქმით კი, რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებას ერთი მოწმე აძლევს და ყველა შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე ნივთიერების გასაღებაზე.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com