ახალი ამბები

“შსს იძულებული იყო” – გახარია სპეცრაზმის კლუბებში შესვლის მიზანშეწონილობაზე

14 მაისი, 2018 • 2735
“შსს იძულებული იყო” – გახარია სპეცრაზმის კლუბებში შესვლის მიზანშეწონილობაზე

“შსს იძულებული იყო ეს ნაბიჯები განეხორციელებინა”, – ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ შევიდა ავტომატით შეიარაღებული სპეცრაზმი ორ კლუბში, მაშინ, როდესაც იმ დროისთვის პოლიციას ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებული პირები უკვე დაკავებული ჰყავდა კლუბს გარეთ.

“იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული 6 შემთხვევა სხვადასხვა კლუბში… უფრო სწორად, დღეის მდგომარეობით სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის 20 შემთხვევაა გადაღებული. მეორე: ბოლო 14 დღის განმავლობაში ღამის კლუბების არეალიდან 112-ში გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გადაყვანის მაჩვენებელი გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო 48.  სწორედ ამიტომ შსს იძულებული იყო ეს ნაბიჯები განეხორციელებინა”, – განაცხადა გახარიამ დღეს შს სამინისტროში.

12–13 მაის თბილისში სრამდენიმე ათასი ადამიანი მართავდა აქციას, სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. ისინი აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

 

გიორგი გახარია შს სამინისტროში შეხვედრის შემდეგ

Posted by netgazeti.ge on Monday, May 14, 2018

დღეს გიორგი გახარია შეხვდა აქციის ორგანიზატორთა ნაწილს. გახარიას თქმით, მხარეები თანხმდებიან, რომ ნარკოტიკების რეალიზაცია პრობლემაა და თუ შსს-ს აქვს დასაბუთებული ეჭვი, მის სამოქმედო არეალს ვერავინ შეზღუდავს. რაც შეეხება პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს, გახარიას თქმით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ომბუდსმენზე იქნება დელეგირებული და ამ საკითხს შეისწავლის. ჯგუფში შევა აქციის ორგანიზატორების ნაწილიც.

გახარიას თქმით, ამ დროისთვის პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტებაზე საჩივარი არც შსს-ს გენინსპექციაში შესულა, არც პროკურატურაში და არც ომბუდსმენისთვის მიუმართავს ვინმეს. იგი ამბობს, რომ შეიქმნება მეორე სამუშაო ჯგუფიც, რომელიც ნარკოპოლიტიკის საკითხზე იმუშავებს.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები ძირითადად ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საბოლოოდ, 14 მაისს, შუაღამისას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 19 მაისამდე შეწყვეტენ პროტესტს და ამ დღეებში ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებებს ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული აქციების გაგრძელების საკითხი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი