“თეთრმა ხმაურმა” აქციის შაბათამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებს კლუბებში შეჭრის დეტალურად გამოძიების პირობა მისცა და ბოდიშიც მოიხადა, “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” შაბათამდე მიიღო აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება. მანამდე ისინი ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებას ჩასატარებელ რეფორმაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს, საპროტესტო აქციები განახლდება.

მიუხედავად აქციის დაშლის გადაწყვეტილებისა, მშვიდობიანი დემონსტრანტები ჯერჯერობით თავისუფლად ვერ ახერხებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას, რადგან ტერიტორია კონტრაქციის აგრესიულ მონაწილეებს აქვთ ალყაშემორტყმული და ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებიან.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეები პარლამენტის შიდა ეზოში შეიყვანეს, საიდანაც ისინი, პოლიციის მითითებით, ავტობუსებით ტოვებენ ტერიტორიას.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ყველა უფლებადარღვეული ადამიანის უფლება იქნება აღდგენილი.

რამდენიმე ათასი ადამიანი თბილისის ქუჩებში 12 მაისიდან აპროტესტებს ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მათი თქმით, პოლიციის ქმედებების მიზანი ადამიანთა დაშინება იყო და არა – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად 13 მაისს ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გამართეს კონტრაქცია. მათი მოწოდებები, ძირითადად, ძალადობრივი იყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოებას და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.