ახალი ამბები

ბერლინში სოლიდარობის აქცია გაიმართება – “ჩვენი თავისუფლებისთვის”

13 მაისი, 2018 • 6541
ბერლინში სოლიდარობის აქცია გაიმართება – “ჩვენი თავისუფლებისთვის”

თბილისის პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების მხარდასაჭერად , ხვალ, 13 მაისს ბერლინში სოლიდარობის აქცია გაიმართება. როგორც აქციის აღწერაში წერია, ბერლინში დაგეგმილი აქცია მიზნად ისახავს სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოში ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილ ადამიანებს.

“თბილისში პოლიციის გადამეტებული ძალის გამოყენებით მოხდა კლუბების, BASSIANI და CAFE-GALLERY -ს დარბევა, ასევე, უამრავი ადამიანის დაკავება. ბერლინში დაგეგმილი აქცია მიზნად ისახავს, სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოში ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილ ადამიანებს. ერთად ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის!,” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვანაა დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს, ასევე,  12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვონ.


  • სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს;
  • როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა ოპერაციის პარალელურად პოლიციამ კლუბების მიმდებარედ შეკრებილი ათეულობით ადამიანი დააკავა;
  • სპეცოპერაციის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. ათეულობით პოლიციელმა დემონსტრანტებს აქციის თავისუფლად ჩატარების უფლება არც აქ მისცა და ადამიანების დაკავება რუსთაველის გამზირზეც გააგრძელა;
  • დაკავებულთა შორის იყვნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი და “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დილით ხელწერილით გაათავისუფლა. უცნობია, როდის განიხილავს ამ პირებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს სასამართლო.
  • შსს-მ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაწერილი ვიდეომტკიცებეულები აქვს.
  • 12 მაისის შუადღის სამი საათიდან უწყვეტად გრძელდება აქცია სახელწოდებით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას;
  • სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნარკორეალიზებაში ბრალდებულები კლუბებში სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მათი დაკავების ადგილი რომელიმე კლუბი არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი