საზოგადოება

ტყუილია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება

26 აპრილი, 2024 • 4338
ტყუილია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება

მას შემდეგ, რაც 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უვიზო მიმოსვლის შესაძლო გადახედვას ითვალისწინებს, „ქართულ ოცნებაში“ შესაბამისი პროცედურების შესახებ დეზინფორმაციისა და მანიპულაციების გავრცელება დაიწყეს.

კერძოდ, მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ:

  • საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის გადახედვას კონსენსუსი ანუ ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება;
  • არ არსებობს სამართლებრივის საფუძველი, რომლის გამოც, შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გადაიხედოს.

თუმცა ევროკავშირის სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურებთან დაკავშირებით საპირისპიროს მეტყველებს.

რა მექანიზმები არსებობს უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ევროკავშირში 2013 წლიდან მოქმედებს. ამ მომენტისთვის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი შეიძლება იყოს:

  • უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნიდან არსებითი ზრდა (50%-ზე მეტი) მოქალაქეების, რომელთაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დაშვებულზე მეტხანს (უნებართვოდ) რჩებიან შენგენის ზონაში;
  •  თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელთა განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელი დაბალია;
  • ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება რეადმისიაზე;
  •  ევროკავშირის ქვეყნების შიდა უსაფრთხოებისთვის  საფრთხის შექმნა (მაგალითად, სისხლის სამართლის დანაშაულების გაზრდის გამო, რომელიც უვიზო რეჟიმის ქვეყნიდან მოდის).
  • უვიზო მიმოსვლის შეჩერების კიდევ ერთი საფუძველი, რომელიც ამჟამინდელი მექანიზმის ნაწილსაც წარმოადგენს, პარტნიორების მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შეუსრულებლობაა –  როცა მესამე ქვეყანას რეგრესი აქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით (მაგალითად:  დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, საზღვრის დაცვის კუთხით და ა.შ. ).

თუმცა, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლებისა,  ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის დამატებითი მექანიზმების ამოქმედებას გეგმავს. მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები (Coreper) უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე შეთანხმდნენ.

განახლებული მექანიზმის მიხედვით, ევროკავშირს მიეცემა შემდეგი ახალი საფუძველი უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად:

  • როდესაც ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყანა არ იცავს იმავე სავიზო წესებს, რასაც ევროკავშირი და ეს იწვევს უფრო მეტი ადამიანის შესვლას ევროკავშირში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქვეყანა გეოგრაფიულად ახლოს არის ევროკავშირთან;
  • ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა გაიცემა წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ;
  • ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა თუ პროცედურებში;
  • ევროკავშირი ასევე შეძლებს შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა კონკრეტული ქვეყნიდან, თუ მათი საგარეო ურთიერთობა ამ ქვეყანასთან მოულოდნელად გაუარესდება, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.

როგორია უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი

ევროკავშირს შეუძლია შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, თუ ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა აღარ აკმაყოფილებს შეთანხმების პირობებს.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნა შეუძლია ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოს ან ევროკომისიას. შესაბამისად,  ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის შეტყობინების საფუძველზე მიმართავს ევროპარლამენტს და მინისტრთა საბჭოს და წარადგენს ანგარიშს, რომლითაც ადასტურებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებიდან რომელიმე ირღვევა. ამის შემდეგ საკითხს ევროკავშირის მინისტრთა საბჭო განიხილავს და ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან უბრალო უმრავლესობით ანუ მინიმუმ 14 ქვეყნის მხარდაჭერით  კონკრეტულ სახელმწიფოსთან დროებით, 9 თვით აჩერებს უვიზო მიმოსვლას.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ, ამ 9-თვიან პერიოდში, ევროკომისია აგრძელებს დიალოგს კონკრეტულ ქვეყანასთან, რათა სადავო გარემოებები აღმოიფხვრას, რის გამოც შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ამ 9 თვეში სადავო გარემოებებს არ გამოასწორებს, მაშინ კომისიას შეუძლია, რომ მასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება კიდევ 18 თვით გაახანგრძლივოს.

იმ შემთხვევაში, თუ ეს გარემოებები არც 18 თვეში აღმოიფხვრა, ამის შემდეგ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს შეუძლია უბრალო უმრავლესობით (მინიმუმ 14 ქვეყნის მხარდაჭერით) კონკრეტულ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა საერთოდ გაწყვიტოს.

მაგალითად, 2019 წელს ალბანეთისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოითხოვა ნიდერლანდებმა და მიზეზად ალბანეთიდან თავშესაფრის მთხოვნელთა განაცხადების მატება და სისხლის სამართლის დანაშაულების ზრდის საფრთხე დაასახელა.

ასევე არსებობს მეორე მაგალითიც, როცა ვანუატუს უვიზო მიმოსვლა ევროკომისიის მოთხოვნით შეუჩერდა. კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ვანუატუს საინვესტიციო მოქალაქეობის ( „ოქროს პასპორტების“) სქემები რისკებს უქმნიდა  ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას.

ამჟამად ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა შეჩერებული აქვს ვანუატუსთან და გამარტივებული სავიზო რეჟიმი –  რუსეთთან და ბელარუსთან.

რა მიზანი აქვს „ოცნების“ განცხადებებს

25 აპრილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის გადასახედად პროცესის წამოწყებას კონსენსუსი სჭირდება. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს განაცხადა, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე იყო.

„ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), სჭირდება კონსენსუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი! იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება და ეს საფუძველი შეკვეთილი და ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ იქნება, რომელსაც არავითარი ძალა ისედაც არ გააჩნია! მოკლედ, ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება“, – დაწერა სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძემ 25 აპრილს.

25 აპრილსვე „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  საზოგადოებას მიმართა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მექანიზმი არ არსებობს.

„საზოგადოებას მინდა მივმართო, არ მოტყუვდეთ, მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა იცოდეთ, რომ ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნეტგაზეთმა სცადა გაერკვია, თუ რას ეყრდნობოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, როცა ისინი ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობდნენ.

კერძოდ, ჩვენ კითხვით მივმართეთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრებს – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს – რომ მიეთითებინათ ევროკავშირში მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ პროცესის წამოწყებას 27-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ჯერჯერობით არცერთი მათგანისგან პასუხი არ მიგვიღია.

როგორც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე ნეტგაზეთთან ამბობს, „ქართული ოცნების“ განცხადებებს შესაძლოა ერთი მიზანი ჰქონდეს – მოქალაქეებში საპროტესტო განწყობის შეჩერება.

„ალბათ, ეს ერთგვარი პოლიტიკური ბრძოლის მომენტია. ან უბრალოდ, არ იციან და არ აქვთ შესწავლილი რეგულაცია, რომელიც არეგულირებს უვიზო მიმოსვლას, ან იციან და მიზანმიმართულად ავრცელებენ [არასწორ ინფორმაციას], რომ ამან გარკვეული უკმაყოფილება არ გამოიწვიოს საქართველოს მოქალაქეებში. ეს არის ერთგვარი საშუალება იმისა, რომ მოქალაქეები დააწყნარონ, ამის საფუძველზე ისინი არ გავიდნენ აქციაზე და არ შეუერთდნენ საპროტესტო ტალღას“, – აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.

არსებობს თუ არა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების გამართვა და რეზოლუციის მიღება მმართველი გუნდის მიერ 1 წლის წინ გაწვეული რუსული კანონის დაბრუნებას მოჰყვა.

რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ევროკომისიას მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების ნიშნულის შესრულებაში, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია.

ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ  საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.

ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და შესასრულებლად სავალდებულო არ არის. თუმცა, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ეს რეზოლუცია სიგნალია წევრი ქვეყნებისთვის და ევროკომისიისთვის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა და მოკვლევა დაიწყონ.

„თანაც ეს უფრო გაფრთხილებას ჰგავს, რადგან ჯერ [რუსული კანონი] ბოლომდე მიღებული არაა, მაგრამ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანს, სად არის ის სუსტი წერტილები, რომელზეც ევროკავშირს ექნება რეაქცია, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი მოქმედებები გააგრძელა და კანონი საბოლოოდ მიიღო“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

მისი თქმით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად მინიმუმ ორი სამართლებრივი საფუძველი ევროკავშირს დიდი ხანია აქვს. ასეთად ის საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის გაზრდილ მოთხოვნას და  ადამიანის უფლებების მიმართულებით გაუარესებულ სამართლებრივი გარემოს ასახელებს. მისი თქმით, ახლა უკვე საკითხი ასე დგას – იქნება თუ არა პოლიტიკური ნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ.

მაგალითისთვის,  ყოველწლიურად საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარს დაახლოებით 8 ათასი ადამიანი ითხოვს. ბოლო წლების სტატისტიკა ასეთია:  2019 წელს  3880-მა ადამიანმა მოითხოვა გერმანიაში თავშესაფარი, 2020 წელს – 2526-მა, 2021 წელს – 4 322-მა, 2022 წელს – 8865-მა და 2023 წელს –  9399 ადამიანმა. თუმცა საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა 99%-ზე მეტი უარყოფით პასუხს იღებს.

გერმანიამ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად  2023 წლის  15 დეკემბერს აღიარა. თუმცა გასულ კვირას ბუნდესტაგის წევრმა, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჰელგე ლინდმა განაცხადა, რომ  თუ საქართველოში საბოლოოდ მიიღებენ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ რუსულ კანონს, შესაძლოა, საქართველომ გერმანიაში დაკარგოს „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსი.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსის (GIP), ბიძინა ლებანიძის თქმით, თუ  ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღარ განიხილავენ და მას ეს სტატუსი ჩამოერთმევა, შესაძლოა, ესეც ვიზალიბერალიზაციის გადასინჯვის ერთ-ერთი საფუძველი გახდეს.

მისი თქმით, ამ კუთხით გერმანიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყნის, როლი გადამწყვეტი იქნება.

„გერმანია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყანაა, მათ შორის ევროპარლამენტშიც ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს. ასევე, ზოგადად, გერმანია აღიქმება ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ მთავარ „ექსპერტად“. მაგალითად, საფრანგეთი, იტალია და სხვა ქვეყნები უყურებენ იმას, თუ რას გადაწყვეტს გერმანია საქართველოსთან ან უკრაინასთან მიმართებაში. გერმანიაზე ბევრი რამეა დამოკიდებული, რადგან რეგიონულად ყველაზე უფრო ახლოსაა ჩვენთან “, – აცხადებს ბიძინა ლებანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი