ახალი ამბები

ბერლინში სინაგოგას მოლოტოვის კოქტეილებით თავს დაესხნენ

18 ოქტომბერი, 2023 • 1186
ბერლინში სინაგოგას მოლოტოვის კოქტეილებით თავს დაესხნენ

18 ოქტომბერს, გამთენიისას, ბერლინის ცენტრში მდებარე სინაგოგას ორი პირი დაესხა თავს და ხანძრის გაჩენა სცადა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეგვიპტეში ვიზიტისას მომხდარი კატეგორიულად დაგმო.

“არასდროს შევეგუებით ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმას”, – თქვა კანცლერმა.

AP-ის ცნობით, პოლიცია აცხადებს, რომ სინაგოგას დილის 3:45 საათზე მიუახლოვდა ორი ადამიანი, რომელთაც სახეები დაფარული ჰქონდათ. უცნობებმა სინაგოგის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს და გაიქცნენ. რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც პოლიციას გამოძიება უკვე დაწყებული ჰქონდა, 30 წლის მამაკაცი სინაგოგას სკუტერით მიუახლოვდა და შენობაში შესვლა სცადა. ის პოლიციას უძალიანდებოდა და ისრაელის საწინააღმდეგო შეძახილებს იყენებდა. პოლიცია აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ, გერმანიაში ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობამ იმატა.

პოლიციამ ასევე დაადასტურა, რომ მუსლიმ იმიგრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გასულ ღამით ქალაქის სხვა უბნებშიც ხდებოდა და ბრანდენბურგის კარიბჭესთან მომხდარ შეტაკებაში რამდენიმე პოლიციელი დაშავდა კიდეც.

შოლცმა ეგვიპტეში ვიზიტისას განაცხადა, რომ გერმანია არ დაუშვებს პროტესტის ძალადობრივ, ანტისემიტურ ფორმებს და კიდევ უფრო გააძლიერებს ებრაული ინსტიტუტების დაცვას.

“პერსონალური ბრაზი მაქვს იმის მიმართ, რასაც ზოგიერთი ეს ადამიანი ყვირის და აკეთებს და დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის მოქალაქეები ჩემს აზრს იზიარებენ”, – თქვა კანცლერმა.

ბერლინი, სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია. ფოტო – AP/Markus Schreiber

“სიტყვები იქცევა ქმედებებად. ჰამასის იდეოლოგიას, რომ გაანადგუროს ყველაფერი ებრაული, თავისი შედეგები გერმანიაშიც მოჰყვება”, – განაცხადა გერმანიის ებრაულმა ორგანიზაციამ, რომელიც მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.

7 ოქტომბრიდან, რაც ჰამასი ისრაელს დაესხა თავს და რაც შემდეგ ამას ღაზის სექტორში მოჰყვა, გერმანიაში ებრაული ინსტიტუტების უსაფრთხოების დაცვა გააძლიერეს. თუმცა არაერთ ქალაქში, მერიის წინ სოლიდარობის ნიშნად აღმართული ისრაელის დროშები ჩამოხიეს და დაწვეს. რამდენიმე შენობაზე ბერლინში, სადაც ებრაელები ცხოვრობენ, დავითის ვარსკვლავი მიახატეს. ინფორმაციას ბერლინში მომხდარი ინციდენტის შესახებ ასოშიეითიდ პრესი ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი