ახალი ამბები

დავით ქევხიშვილს “ატკატებში” ადანაშაულებენ

11 მაისი, 2018 • 2563
დავით ქევხიშვილს “ატკატებში” ადანაშაულებენ

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს თანხების ე.წ. “ატკატებში” ადანაშაულებენ. როგორც ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა “აქტუალური თემის” ეთერში განაცხადა, ქევხიშვილი მწვრთნელებს ფედერაციაში აბრუნებინებს მიღებული თანხის 10%-ს. რა პასუხი აქვს დავით ქევხიშვილს?

ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ძიუდოს ფედერაციის მწვრთნელები სახელფასო და საპრემიო ფონდებიდან 10%-ს  ფედერაციას უკან უბრუნებენ.

“ის პრემია, რომელსაც სპორტსმენის წარმატების შემდეგ მწვრთნელიც იღებს, პირპიდარ მიდის მასთან ქევხიშივლი და ეუბნება, რომ  აქედან 10 პროცენტი უნდა შემოიტანოთ ფედერაციაში, მაგრამ რა მიზნობრიობით იხარჯება, არ ვიცით. სავარაუდოდ, ქევხიშვილი მწვრთნელებს უხსნის, რომ ეს თანხა ისევ ფედერაციას მოხმარდება,” – განმარტავს ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, იმ მწვრთნელებს შორის, რომლებიც სახელფასო ფონდიდან 10%-ს უკან აბრუნებენ, ლევან ციგრიაშვილიც არის. თავად ციგრიაშვილი ბრალდებებს უერთდება და ამბობს, რომ მისთვის ჩარიცხული 700 ლარიდან 200-ს ისევ ფედერაციას უბრუნებს. [განახლება: 200 ლარი 700-ის 10%-ზე მეტია].

“ეს ფული სად მიდიოდა, არ ვიცი, მაგრამ ძიუდოს ოჯახში ეს რომ ხდება, ძალიან ცუდია. აქ მხოლოდ მე არ ვარ, სხვა მწვრთნელებიც არიან. ერთ-ერთი მწვრთნელის ხელში თავად ბატონ დავით ქევხიშვილმაც გამოიარა. ფედერაციაში ქალბატონი იჯდა, რომლის სახელი და გვარი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამ თანხას პირადად მას ვაბარებდი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ თემაზე საუბარი მიწევს,” – ყვება ციგრიაშვილი “აქტუალური თემის” ეთერში.

თავად დავით ქევხიშვილი ამ ბრალდებებს “360 გრადუსის” ეთერში პასუხობს. მისი თქმით, რაკიღა ფედერაციის ბიუჯეტი განსაზღვრულია, ხელფასები გარკვეული კვოტირების საფუძველზე ირიცხება, სწორედ ამიტომ, მწვრთნელები ერთმანეთში შემდეგნაირად შეთანხმდნენ:

“მწვრთლენები შეთანხმდნენ, რომ აიღებდნენ ამ ფულს და უბრალოდ ფედერაცია გახდებოდა შუამავალი. შესაბამისად, მწვრთელს რომ ექნებოდა , მაგალითად, 1000 ლარი, ის რაღაც თანხას უკან დააბრუნებდა და მერე მეორე მწვრთნელი აიღებდა ამას. ჩვენ ამოვიღეთ საბანკო რეკვიზიტები, სადაც ჩანს როგორც შემომტანები, ასევე გამტანები. ამ შემთხვევაში, ფედერაციამ იკისრა ფუნქცია, რომ ეს ფული ხელიდან ხელში კი არ გადასულიყო, არამედ ფედერაციას დაერიცხა გარკვეული ხელფასის სახით,” – ხსნის ქევხიშვილი.

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა 4 მაისს განაცხადეს, რომ ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს ბოიკოტს უცხადებენ და სანამ თანამდებობას არ დატოვებს, მონაწილეობას არც ვარჯიშში და არც შეჯიბრებაში არ მიიღებენ.

თავად დავით ქევხიშვილი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისთვის გაუგებარია სპორტსმენების ბრალდებები, რადგან ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, მათი გვერდში დგომისა და მხარდაჭერის მეტი არაფერი გაუკეთებია.

ფედერაციამ 10 მაისს ყრილობა ჩაატარა, თუმცა, ნაცვლად მოლაპარაკებისა, შეხვედრა დაპირისპირებისა და ურთიეთბრალდებების ფონზე გაიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი